,, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს შოუს დადგმა სჭირდებოდათ”

მე დავამკვიდრე პრაქტიკა – კანონმდებლობიდან გამომდინარე, წელიწადში ერთხელ საკრებულოში ოფიციალური ანგარიშით მივდივარ და ბიუჯეტის პროექტს წარვადგენ. ამ შემთხვევაში, საკრებულოში მისვლის გადაწყვეტილება უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად მივიღე, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

“ანგარიშის წარდგენა კონსტრუქციულ რეჟიმში დავიწყე. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოყვანილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას, ჩემთვის სიტყვა შეეწყვეტინებინათ, საკრებულოს წევრების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა და ანგარიშის წარდგენა დროებით შეჩერდა, მაგრამ შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შოუს დადგმა სჭირდებოდათ.

“მე პასუხი გავეცი ყველა კითხვას, რომელიც დაისვა. თუ ვინმეს კითხვებზე პასუხის მიღება სურდა, ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს შოუს დადგმა სჭირდებოდათ. დესტაბილიზაციის შემოტანის შემდეგ, მათ საკრებულო დატოვეს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ აუქციონის პირობების გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალიან კარგად იცის, რომ აუქციონი კანონმდებლობის სრული დაცვით, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა. აუქციონის გაბათილება ალეკო ელისაშვილმა მოითხოვა. თუმცა, მე, როგორც ქალაქის მერი, აუქციონის პირობების გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ. აუქციონის შედეგად ქალაქის ბიუჯეტში 7 მილიონამდე ლარი მივიღეთ. აშენდება სასტუმრო და 29 ჰექტარი ტერიტორია კიდევ უფრო მეტად გამწვანდება, გასარწყავდება და ადამიანები დასაქმდებიან. ეს ყველაფერი 2 წელიწადში უნდა გაკეთდეს და გაუგებარია, რატომ უნდა გადავხედოთ აუქციონის შედეგებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშირუსუთის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა – ,,ევროვიზია 2016″-ის შედეგები არ შეიცვლება
შემდეგი სტატია„სტუდენტური დღეები 2016“