,ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ 11%–იანი ან 15 %–იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის”

ის, რაც ვიხილეთ განვლილი დღის და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მძიმე და ცუდი ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, რომ არ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა და თანხის დარიგება, შედეგი, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ასეთი ფორმით და ასეთი რიცხვებით ნამდვილად არ დადგებოდა.

„მინდა კიდევ ერთხელ შევეხო არჩევნების შეფასებას ჩვენი მხრიდან. ის რაც ვიხილეთ განვლილი დღის განმავლობაში და არა მარტო დღის, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მძიმე და ცუდი ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ვიხილეთ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსის ყველა არსებული ფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში, პატივს ვცემთ მათ შორის იმ ადამიანების არჩევანსაც, ვინც მხარი გულწრფელად დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ასეთი ადამიანები საქართველოში ნამდვილად არიან, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა და თანხის დარიგება, რომ არ ყოფილიყო ადამიანების დაშინება და შანტაჟი, შედეგი, რომელიც ვიხილეთ გუშინ, ასეთი ფორმით და ასეთი რიცხვებით ნამდვილად არ დადგებოდა. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნების შედეგი არის მძიმე და სამწუხაროდ, ეს არჩევნები ვერ გახდება წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.
ამავე დროს ეს არჩევნები გვასწავლის იმას, რომ წამალი და გამოსავალი საქართველოსთვის არის მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა მომავალ არჩევნებზე, მით უფრო გაუძნელდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება. ამიტომ გამოსავალი არ არის ხელების ჩამოყრა, გამოსავალი არ არის გულის მოფხანა და კრიტიკული გამოსვლები, გამოსავალი ერთია – ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გავაძლიეროთ მუშაობა, გავაძლიეროთ ხალხთან მუშაობა, მეტი ვიაროთ, მეტი ვიმუშაოთ, მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ მომავალ არჩევნებზე და ყველამ ერთად, ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად ქართველ ხალხთან ერთად დავიცვათ მომავალი არჩევნები მსგავსი ტიპის ადმინისტრაციული ზეწოლისგან“, – აცხადებს ბაქრაძე.

მისივე განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მძიმე პოლიტიკური შეფასებიდან გამომდინარე არ არის კმაყოფილი ამ არჩევნების შედეგებით“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პირველი არჩევნები „ევროპული საქართველოსთვის“ და ეს არის არჩევნები, როდესაც პირველად ათობით ათასმა ადამიანმა პირველად შემოხზა რიცხვი 2, მიუხედავად იმისა, რომ პარტია შედგა, პირველ არჩევნებზე პირველი ნაბიჯი გადავდგით წინ, მიუხედავად იმისა, რომ 11% ავიღეთ, რაც სერიოზული შედეგია, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ჩვენ ვართ გასული მეორე ადგილზე „ქართული ოცნების“ შემდეგ. მაგალთად, გურჯაანში, მარნეულში, ახალციხეში, ადიგენში, თერჯოლაში, ვანში, ხონში, ცაგერში, ლანჩხუთში, ხობში… ყველას აღარ ჩამოვთვლი, მიუხედავად ამ შედეგისა, ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ 11%–იანი ან თუნდაც 15 %–იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერთად ერთად საპარლამენტო არჩევნებში შევცვალოთ ხელისუფლება, სახლში გავუშვათ „ქართული ოცნება“ და რაც მთავარია მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს.
„ევროპული საქართველო“ მომავალს და მომავლის გზას ხედავს ბრძოლის გაგრძელებაში, მეტ მუშაობაში, მეტი ადამიანის გამოყვანაში მომავალ არჩევნებში და რაც მთავარია, ადამიანებს უნდა დავანახოთ უკეთესი ალტერნატივა დღევანდელი ცხოვრების და „ქართული ოცნების“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” VS “ნაციონალური მოძრაობა” – მარტვილში არჩევნების მეორე ტური გაიმართება