ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში – პრეზიდენტი

ჩვენ ვართ ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?! – ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არავინ სთხოვს უკრაინისადმი ისეთ სოლიდარობას, რომელიც მის ძალებს აღემატება.

„ქვეყანამ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ, გამოუცხადა უკრაინას სრული სოლიდარობა და ეს არის მთავარი. ჩვენ არ შეიძლება ამ ქვეყნის მიმართ მთლიანად სოლიდარული არ ვიყოთ, რომელიც დღეს არის იმავე პირობებში უფრო ხანგრძლივად, რომელშიც ჩვენ ვიყავით. ეს ასი დღე არის ძალიან მძიმე ასი დღე და უკრაინამ მსოფლიოს ბრძოლის, შემართების, თანმიმდევრობისა და გამძლეობის დიდი მაგალითი უჩვენა. ამას ქართველები რომ უყურებენ, აფასებენ სრულად. ქვეყანამ გამოიჩინა მხარდაჭერა ბევრი კუთხით. მართალია, სხვანაირად ვლაპარაკობთ, მაგრამ სანქციების ნაწილში მიღებული იქნა ის ფინანსური სანქციები, რომელიც არის ყველაზე მძიმე და რომელიც ყველას ევალება, ჩვენც ვართ ამისი ნაწილი. არავინ არ გვთხოვს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ გვევალება [უკრაინის მიმართ] მორალური სოლიდარობა.

ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ვართ ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ არის ეს მესიჯი ხელისუფლების, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის მისამართით, როცა ის ტოტალური სოლიდარობის გამოვლინებაზე საუბრობს, პრეზიდენტის თქმით, ის „ისრების გასროლას არავის მისამართით არ აპირებს“.

„ვინც უნდა ისე გაიგებს. მე ვაფასებ, პოლიტიკას და ვაფასებ ფაქტებს. თქვენ გინდათ რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში! ყველასთვის ძალიან გასაგებია. გუშინ იყო ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე გამოსული. ასევე, მგონია, ეს ჩემი შეხედულებაა, რომ 26 მაისს, დღეს, რომელიც ევროინტერგრაციის ეგიდის ქვეშ იყო ჩატარებული, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული დროშა, ქართული დროშა, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშა. არ აქვს მნიშვნელობა შემითავაზებია თუ არა მმართველი გუნდისთვის ეს. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით, უკრაინა არის მთავარი დღევანდელი მიზეზი რატომ არის ეს პროცესი აჩქარებული, ალბათ ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშითურქული მედია – 20 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება სამეთაურო ცენტრის წყალობით, რომლის შექმნა სტამბოლში იგეგმება
შემდეგი სტატიასაჭიროა, ქვეყნის რეპუტაცია არ ზურაბიშვილი: დაშავდეს და მიიღონ სათანადო ზომები, რომ არაფერი მოუვიდეს სააკაშვილს