ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში და ამ რეალობაში, რასაც გავაცნობთ საზოგადოებას, „ქართულ ოცნებასაც“ ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს – სამადაშვილი

ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, სიცრუე. მარტივი სიმართლეა, რომ საქართველომ კონკრეტული მიზეზების გამო ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა და ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრემიერის დღევანდელი განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, რეფორმები, რომლებიც საჭიროა, რომ განხორციელდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და რომელთა შესახებაც ევროკომისიის დოკუმენტში წერია, საქართველოს დიდი ხნის წინ უნდა გაეტარებინა.

„როგორც ყოველთვის, ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ ბევრი ტყუილი და სიცრუე. მარტივი სიმართლე არის ის, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სტატუსი ვერ მიიღო კონკრეტული მიზეზებით, რომელთა შესახებ ჩამოთვლილია 12 პუნქტში, რომელიც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა. ამ მოთხოვნებში ჩაწერილია რეფორმები მართლმსაჯულების, კორუფციის და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, რაც ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მთავარ პრობლემას, რომელიც იდენტიფიცირებულია ევროპაში, როგორც ჩვენი ქვეყნის დაბრკოლება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და ეს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობაა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ღარიბაშვილის ამოცანაა, სამართლიანად გაბრაზებულმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი სათქმელი არ თქვან თბილისის ქუჩებში. სალომე სამადაშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, მივიდნენ პარლამენტის წინ და აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

„დღეს ერთადერთი, რასაც საზოგადოება ელოდებოდა ღარიბაშვილისგან, არის გადადგომის შესახებ განცხადება. როდესაც ქვეყანა განიცდის ასეთ ისტორიულ მარცხს, დავკარგეთ ისტორიული შესაძლებლობა ღარიბაშვილის და ივანიშვილის დამსახურებით, ერთადერთი სწორი პასუხი არის განცხადების დაწერა და წასვლა. ეჭვი არ შეგეპაროთ, დღეს ეს ვითომ კონსტრუქციული ტონი, რაც ჩვენ გვესმოდა ღარიბაშვილისგან, რაზეა განკუთვნილი. გვინახავს, ეს ხელისუფლება როდესაც არის შეშინებული, როგორ ატყუებს ხალხს. დღეს ღარიბაშვილის ამოცანაა, ძალიან სამართლიანად გაბრაზებულმა საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ საკუთარი სათქმელი არ თქვან თბილისის ქუჩებში. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველას, არ დაგაბნიოთ რუსული მეთოდებით ხელისუფლების ამ პიარსტრატეგიამ, როდესაც დღეს თქვენ უსინდისოდ გატყუებენ, რადგან სახლში დარჩეთ. სახლში არ უნდა დარჩეთ, დღეს უნდა გამოხვიდეთ პარლამენტის წინ და ხმამაღლა უთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ კმარა ტყუილების საუბარი და საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა პრემიერის დღევანდელი განცხადების ის ნაწილი, სადაც ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრობს.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მათ თავისი ხედვა აქვთ, თუ რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და ამ ხედვას საზოგადოებას გააცნობენ.

„ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში და ამ რეალობაში. ამ ხედვას გავაცნობთ საზოგადოებას და „ქართულ ოცნებასაც“ ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს და შემდეგ გადადგას ნაბიჯები, რასაც ჩვენ მოვითხოვთ ქვეყანაში დეპოლარიზაციის მისაღწევად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართები ამჯერად, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს დაუკანონდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: იმედია, პოლიტიკური პარტიები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალსა და ევროპაში ინტეგრაციას დააყენებენ