ჩუღურეთში მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 11, 2020 13:32

ჩუღურეთში მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დაახლოებით ერთი წლის წინ გააჟღერა ინიციატივა, ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ინიციატივამ სოციალურ ქსელებში მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, კომისია საზოგადოებას სთავაზობს მოსაზრებას, ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი დაერქვას.
„კომისია არცერთ საკითხს არ იხილავს მოსახლეობის ჩართულობის გარეშე, მჯერა, გია ყანჩელის სახელობის გეოგრაფიული ობიექტი უმოკლეს დროში დაიმკვიდრებს ადგილს თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების მეხსიერებაში. სახელდების საკითხი, რომელსაც დღეს ვაინიცირებთ, უნდა განვიხილოთ სამაგალითოდ ღიად და ჩვენი თანამოქალაქეების მაქსიმალური მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ გია ყანჩელის სახელის მინიჭების საკითხში ისევე ერთსულოვნება იქნება, როგორც გვაერთიანებს მაესტროს მემკვიდრეობა.
გთავაზობთ მოსაზრებას, ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღს დავარქვათ გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი. ეს ის ბაღი და ის უბანია სადაც დაიბადა და გაიზარდა გია ყანჩელი, ირგვლივ ის ქუჩებია, რომლებზეც ბევრი უსაუბრია.“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებული მასალები 20 დღის განმავლობაში საკრებულოს ვებ-გვერდზე საჯარო განხილვებისთვის გამოქვეყნდება. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, კომისია მზადყოფნას გამოთქვამს მოისმინოს და განიხილოს საზოგადოების მოსაზრებები.

არტოს ბაღისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება. საზოგადოებას წინასწარ ეცნობება საჯარო განხილვის ჩატარების დრო და ადგილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 11, 2020 13:32