ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროებში აფეთქების ინიციირების სისტემა დაინერგება

ილია კილაძის სიუჟეტი ტექნიკური უნივერსიტეტის შახტა-ლაბორატორიაზე

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროებში აფეთქების ცეცხლოვანი სისტემის ნაცვლად, ახალი ინიციირების სისტემა დაინერგება. ამის შესახებ „თაიმერს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის” ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერმა, გიგა ხვიჩიამ აღნიშნა, სანამ მენეჯმენტი ახალი ინიციირების სისტემის დანერგვის გადაწყვეტილებას მიიღებდა, კომპანიაში სპეციალისტები მოიწვიეს. მოწვეულმა ინჟინერ-ტექნიკოსებმა მაღაროებში რამდენიმე ათეული აფეთქება ჩაატარეს და “ჯორჯიან მანგანეზმა” გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. მისივე თქმით, “ნონ ელ.”-ის დანერგვა კომპანიისთვის პროგრესული ნაბიჯია.

„ისტორიული ფაქტია – ცეცხლოვანი აფეთქებიდან გადავდივართ ინიციირების სხვა სისტემაზე, რომელიც არაელექტრონული მეთოდია. აღნიშნული სისტემა გაცილებით უსაფრთხოა, იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად გამორიცხავს ადამიანური შეცდომის ფაქტორს და აფეთქების შედეგად სხვა მუხტების მექანიკურ დაზიანებას, ასევე, აფეთქების შემდეგ, მაქსიმალურად ამცირებს სანგრევის განიავების დროს, რაც მნიშვნელოვანია მასობრივი აფეთქებების დროს. ჩვენ წარმოებაში ამ მეთოდის შემოღება ძალიან პროგრესული ნაბიჯია. ეს მეთოდი მთელ მსოფლიოშია აპრობირებული. მოსამზადებელი პერიოდისთვის კი ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები. მაღაროში რამდენიმე ათეული აფეთქებაც ჩავატარეთ და დავრწმუნდით, რომ ეს მეთოდი მისაღებია და გვინდა დანერგვა”, – განაცხადა გიგა ხვიჩიამ.

უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისთვის” ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტულია და ამიტომ აღნიშნული სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია.

„ამდენი ხნის განმავლობაში, ჭიათურაში აფეთქებითი სამუშაოები ძველი მეთოდით, ცეცხლოვანი აფეთქებით, მიმდინარეობდა. კომპანიის სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და ჩვენს წარმოებაში შეიცვალა ტექნოლოგიური პროცესები. ამიტომ გადაწყდა, დანერგილიყო თანამედროვე, აპრობირებული არაელექტრონული წესით აფეთქება, ანუ “ნონ ელექტრო”. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარეობს კომპანიის თანამშრომლების გადამზადების პროცესი, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. 3 დღის განმავლობაში გადამზადდება ტექნიკური პერსონალი, ისინი თეორიულად გაეცნობიან ყველა იმ მეთოდს, რაც თან ახლავს ამ პროცესს. გადამზადებულ პერსონალს კი ადგილზევე ჩაუტარდება პრაქტიკული სწავლება. ამ თვის ბოლოს კი ჩვენი წარმოება, სავარაუდოდ, მასობრივად გადავა ახალი მეთოდის ასაფეთქებელ სისტემაზე. ეს კი მინიმუმამდე დაიყვანს იმ მარცხის ალბათობას, რაც თან სდევს ყველა წარმოებას”, – აცხადებენ კომპანიის ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურში.

მაღაროელები კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მეთოდი, რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოა. შუქხუთის მაღაროში მომუშავე მაღაროელმა, აკაკი წერეთელმა განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ახალ მეთოდს სწავლობენ, რაც მომავალში უფრო გაუადვილებთ საქმიანობა.

“ჯორჯიან მანგანეზისთვის” ამ მეთოდით მუშაობა სიახლეა. რაც მთავარია უსაფრთხოა, როგორც გვიხსნიან. ჩვენც გავეცნობით, ავითვისებთ და, რა თქმა უნდა, მომავალში უფრო გაგვიმარტივდება საწარმოო პროცესიც. თითოეული ჩვენგანი ყურადღებით მოეკიდება ამ პროცესებს”, – აღნიშნა მაღაროელმა.

სწავლება შპს “პროფიუნიტის” ბაზაზე მიმდინარეობს, მაღაროელებს ლექციებს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები უტარებენ. თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, პერსონალი პრაქტიკულ კურსს გაივლის. ამის შემდეგ კი ყველა მაღარო მუშაობის ახალ სისტემაზე გადავა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე ნიკა გვარამიას განცხადება ფაშისტური მანიფესტია
შემდეგი სტატიაინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა