“სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ გოჩა ჯავახიშვილი ჩემოდნების ამოლაგებასაც ვერ მოასწრებს, რომ მას უკან მოუწევს დაბრუნება დიპლომატიურ მისიაში, ამჯერად არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის, არამედ ახალი კოალიციური მთავრობის პირობებში” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
“მინდა გამოვეხმაურო საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის გადადგომას. ყველასათვის ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს საგარეო კურსი შეცვალა და ამით არამარტო საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს და მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ვიაროთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ, არამედ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიები და მართვის მოდელი თავისი არსით მთლიანად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ეს არის მისი მხრიდან კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა.
ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ყველა პროფესიონალმა არ გაიაზროს თუ რას ნიშნავს საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან და რას ნიშნავს საქართველოსთვის ავტორიტარიზმის დამყარება – ეს ნიშნავს საქართველოს გადაქცევას რუსეთის ვასალად, რაც არამარტო ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და დღევანდელი თაობის მისწრაფებებს, არამედ ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ მიზანს და ეწინააღმდეგება მომავალი თაობების ამოცანას. ამიტომ გოჩა ჯავახიშვილის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს დიპლომატიური კორპუსისთვის აქ თბილისში – საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე მისიებში, რომ მათ გააკეთონ დღეს არჩევანი როგორ ხედავენ ქვეყნისა და საკუთარ მომავალს.
გოჩა ჯავახიშვილი არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალი და მე მასთან მაკავშირებს პირადი ურთიერთობა. მინდა ვთქვა, რომ ის არის ძალიან მაღალი, ევროპული ღირებულებების მქონე ადამიანი და მისი ეს ნაბიჯი დარწმუნებული ვარ ბევრისთვის გასაკვირი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის სხვა თანამდებობებისგან იმას, რომ დაგმონ ივანიშვილის მიერ საგარეო კურსის ცვლილება. აქვე დავამატებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობა და რეპრესიები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, რომ ადამიანები დარჩნენ ჩუმად საჯარო სამსახურში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვნახეთ მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობა, ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებული ძალადობა, ახლა ვნახეთ მომიტინგეებზე ნასროლი რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, ვნახეთ წუხანდელი რუსული ტიპის “პოგრომები” სახლებთან დიმიტრი ჩიქოვანის, გია ჯაფარიძის და სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ღვინიანიძის მიმართ და აუცილებელია საჯარო სამსახურებში და განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსში მომუშავე ადამიანებმა დაარღვიონ დუმილი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის თბილისში ჩემოდნების ამოლაგებასაც ვერ მოასწრებს, რომ მას უკან მოუწევს დაბრუნება დიპლომატიურ მისიაში, ოღონდ არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, არამედ ახალი კოალიციური მთავრობის პირობებში, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს. გოჩასაც და სხვებსაც დიპლომატიურ სამსახურში კიდევ ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს დიპლომატიურმა კლუბმა გასულ კვირაში , რომელსაც ხელს აწერს საგარეო საქმეთა ყოფილი ხუთი მინისტრი და უამრავი დიპლომატი, მოუწოდა დღეს მოქმედ დიპლომატებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისიებში მყოფ თანამშრომლებს, რომ ამოიღონ ხმა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ასეთი ნაბიჯების წინააღმდეგ, როგორიც არის რუსული კანონის ინიცირება, ძალადობა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა პატრიოტი, პროფესიონალი მოქალაქე და დიპლომატი ხმას ამოიღებს იმ ისტორიული უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი სჩადის.” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა