ჭელიძე: ერთ-ერთ ბრალდებულს რუსთავში სპეციალური სივრცე ჰქონდა მოწყობილი, მიჰყავდათ ადამიანები, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს, ახდენდნენ იძულებას, შანტაჟს, მუქარას, რომ მათ გარკვეული თანხა გადაეხადათ

ერთ-ერთ ბრალდებულს ქალაქ რუსთავში სპეციალური სივრცე ჰქონდა მოწყობილი, სადაც ახდენდნენ ადამიანების მიყვანას, კრიმინალური გარჩევის გზით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს. მათი გადაწყვეტილებით ახდენდნენ იძულებას, შანტაჟს, მუქარას, რომ მათ გადაეხადათ გარკვეული ფინანსები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში ასევე არის ერთ-ერთი გამოძალვის ეპიზოდი, როდესაც ონლაინ ტოტალიზატორში მოგებული მანქანის გამოსაძალად კრიმინალური გარჩევა მოუწყვეს ავტომანქანის მფლობელს და ქურდული გარჩევის გზით წაართვეს აღნიშნული ქონება.

„საქმეში მაგალითისთვის იყო ასეთი ეპიზოდი, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს, კერძო ბიზნესმენს, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობა აქვს სავაჭრო ცენტრ „ლილო-მოლში“, 50 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით. ასევე ეპიზოდურად საქმეში ჩანს ერთ-ერთი გამოძალვის ეპიზოდი, როდესაც ონლაინ ტოტალიზატორში ძვირადღირებული მოგებული მანქანის გამოსაძალად კრიმინალური გარჩევა მოუწყვეს ავტომანქანის მფლობელს და ქურდული გარჩევის გზით წაართვეს აღნიშნული ქონება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

სამართალდამცველებმა ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს.

 

banner
წინა სტატიაში10 წლის გოგოზე სავარაუდოდ, სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელეს- მამაკაცი ოჯახის ახლობელია
შემდეგი სტატიაინგუშეთში ქართული ეთნო-კაფე იხსნება