ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების რისკების შეუფასებლობას უკავშირდება – შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მყისიერი რეაგირება მოახდინა, – ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა მაია მიქაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მოკვლევა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დოკუმენტების შესწავლასა და შემსწრე პირთა გამოკითხვას.

როგორც მიქაიამ განაცხადა, სამშენებლო ობიექტზე არ ხდებოდა შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა.

„უნდა გავიგოთ, რამდენად ხორციელდებოდა საფრთხეების იდენტიფიცირება, მიმდინარეობდა თუ არა სწავლება, იცოდნენ თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები. პირველადი მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული სურათიდან გამომდინარე, არ ხდებოდა რისკების შეფასება და ამან გამოიწვია კონკრეტული შემთხვევა. უფრო დეტალურად, თუ რა სისტემურმა დარღვევამ გამოიწვია შემთხვევა, მოკვლევის დასრულების შემდეგ გვეცოდინება.

შრომის ინსპექტორის განცხადებით, სამშენებლო ობიექტზე არ ხდებოდა იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რომელიც არსებობდა და აღნიშნა, რომ სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, არ იყო შეფასებული რისკები.

„საქართველოს ორგანული კანონით, შრომის უსაფრთხოების შესახებ პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება შემკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია. უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს შეთანხმებული მათ შორის“, – განაცხადა მაია მიქაიამ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე ევროპელ ექსპერტებს უკვე მიღებული გადაწყვეტილება დაახვედრა
შემდეგი სტატიაახალციხის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს