ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ დაკავებულებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. მათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ არ დაიშლებიან.

მომიტიბგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა და კორდონი გააკეთა. ამის გამო, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ღობე მოშალა და იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც გუშინ 2 ადამიანი დაიღუპა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ აქციის მონაწილეებს “სამუშაო ფორმატში” შეხვედრა შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.

“ჩვენ ამოვწურეთ სამუშაო ფორმატში მრგვალ მაგდასთან ჯდომა”, “მობრძანდეს მოქალაქეებთან, დღესვე დაიწყონ ცვლილებები”, “აღარანაირი სამუშაო ფორმატი აღარ იარსებებს” – ამბობენ აქციის მონაწილეები და სკანდირებენ “სოლიდარობა მუშებს”, “სიკვდილით სავსე ქალაქი”.

“სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიეკლესიებიდან ქუჩაში გამოსული ხელგაწვდილი მღვდლები – მოწყალების ძიება თუ თაღლითობა?
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერის სახლისკენ მიემართებიან