„ცესკო-ში კორუფცია დაკანონებულია!“

bol-2ნანა კაკაბაძე საარჩევნო ადმინისტრაციაზე სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს

„ცესკო მონსტრად ჩამოყალიბდა, რომელიც არჩევნებზე ასტრონომიულ თანხებს ხარჯავს!“ – ამ განცხადებს „თაიმერთან“ საუბრის დროს არასამთავრობო ორგანიზაციის – „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აკეთებს. ამასთან, კაკაბაძე ცესკო-ს რამდენიმე „გიჟურ“ პროექტზეც საუბრობს და ღიად აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში კორუფცია ოფიციალურადაა დაკანონებული, თუმცა როგორც რესპოდენტი აღნიშნავს, ე.წ. მოდურ „ენჯეოებს“ ცესკო-ს შემოწმების სურვილიც კი არ უჩნდებათ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მას, როგორც მოქალაქეს, ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნების მიმართ სანდოობა არ ექნება:

– საქართველოს გარდა, მსოფლიოში მეორე ქვეყანას ვერ ნახავთ, რომელსაც ამხელა ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვს – შენობიდან დაწყებული, შემადგენლობით დამთავრებული და რომელიც არჩევნებზე იმდენ თანხას ხარჯავს, რამდენსაც ჩვენი ცესკო. მაგალითად, აშშ-ში, ფედერალურ დონეზე არჩევნებს 6 ადამიანი ატარებს და ფედერალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები წელიწადში ერთხელ იცვლებიან, შტატის დონეზე კი, მეხანძრისა არ იყოს, თითო ადამიანს ირჩევენ. ჩვენს ცესკო-ს კი, 2 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რასაც ე.წ. სწავლების ცენტრიც ემატება.

ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს პრემიერსა და პრეზიდენტზე სამ-ოთხჯერ მეტი ხელფასი აქვს, თავისთავად არაჯანსაღ მდგომარეობაზე მეტყველებს და ეს მდგომარეობა 2004 წლიდანაა, ანუ სააკაშვილის დროს მიიღეს მახინჯი კანონი, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს თავმჯდომარის ხელფასი 5500 ლარია, თუმცა მ თანხას წელიწადში მხოლოდ ერთი,  ან ორი თვე იღებს, სხვა თვეებში კი – გასამმაგებულსა და გაოთხმაგებულს.

– რატომ?

– რატომ და, – მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი დაინიშნება, მაგალითად, წელს, პირველი ივნისიდან, ცესკო-ს თავმჯდომარე ორი თვე – ივნისი და ივლისი გასამმაგებულ ხელფასს იღებს, აგვისტოსა და სექტემბერში კი – გაოთხმაგებულს. კანონში წერია, რომ ცესკო-ს თანამშრომლებმა არჩევნების პერიოდში გაორმაგებული ხელფასი უნდა აიღონ, მაგრამ პლუს, დანამატისა და პრემიის აღების უფლებაც აქვთ. თავმჯდომარე, პრემიის სახით, ხელფასის 100 პროცენტს, ანუ 11 ათასს იწერს, ამას დანამატიც ემატება და, საბოლოო ჯამში, ცესკო-ს თავმჯდომარის ხელფასი 20 ლარს აღემატება.

– ამ თანხას ცესკო-ს თავმჯდომარე მხოლოდ არჩევნების დროს იღებს?

– დიახ, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში თითქმის ყოველ წელს არჩევნებია და წელიწადში, 7-8 თვის განმავლობაში, ბიუჯეტიდან, პრაქტიკულად, გასამმაგებულ და გაოთხმაგებულ ხელფასს იღებს, რაც კორუფციაა, აბა, რა არის?

– კორუფცია რატომ არის?

– ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში შეიძლება, 20-ათასიანი ხელფასი არსებობდეს და ისიც ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰქონდეს? ცესკო ასეთს რას აკეთებს?

– ცესკო-ს თავმჯდომარეს ამის უფლებას, როგორც აღნიშნეთ, კანონი აძლევს…

– დიახ, ყველფერი ეს სააკაშვილმა კანონში 2004 წელს ჩაიდო. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი შავ-ბნელი არჩევნებიც ტარდებოდა, ანუ ეს, პრაქტიკულად, საბიუჯეტო კორუფციაა.

– კორუფცია რა შუაშია?

– იმ შუაშია, რომ ცესკო-ს თავჯდომარე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, მის ინტერესებს გაატარებს, ვინც ამხელა ფულს უხდის.

– გასამმაგებულ და გაოთხმაგებულ ჯამაგირს მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარე იღებს თუ ყველა თანამშრომელი?

– ყველა თანამშრომელი, მაგრამ თანამშრომელთა ხელფასი 600-დან 1000-ლარამდეა. კატასტროფულად მაღალი ხელფასი მხოლოდ თავმჯდომარეს აქვს, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ის მონა იქნება. ცალკე თემაა, ბიუჯეტის ხარჯზე კანარის კუნძულებზე როგორ ისვენებდა. „გამჭვირვალობა“ კვლევებს რომ ატარებს, მაინტერესებს, ამ კვლევას ცესკო-ში რატომ არ ატარებს? – ჟვანიას მთელი სანათესაო ცესკო-ში ჰყავს დასაქმებული. საერთოდ, საარჩევნო ადმინისტრაციაში საოცრება ხდება და იცინიან უკვე – კაბინეტებში ადგილი აღარაა და ხალხი კორიდორებში ზისო.

გასაგებია, სააკაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს ამხელა ფულს რატომაც უხდიდა – უნდოდა, მორჩილებაში ჰყოლოდა, მაგრამ ეს მიდგომა არ უნდა შეიცვალოს?

სხვათა შორის, ხარატიშვილის თავმჯდომარეობის დროს, ცესკო-ს რაღაც დამატებითი შავ-ბნელი ორგანო, ე.წ. საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნა და ყველაფერი ის, რასაც ეს სიპი ბიუჯეტიდან აფინანსებს, პირდაპირი დანაშაულია. მაგალითად, ამ სიპმა, როგორც ამას წინათ გამართულ პრეზენტაციაზე თქვეს, 9 ორგანიზაციაზე მილიონზე მეტი თანხა გასცა.

– რა მიზნით?

– ამ 9 ორგანიზაციამ პოლიტიკური პარტიების 1500 წარმომადგენელი, თურმე, საარჩევნოდ გადაამზადა. რას ნიშნავს, ცესკო-მ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნოდ გადაამზადა? ცესკო-ს პარტიების წარმომადგენელთა გადამზადებას ვინ ჰკითხავს? ესეც რომ არა, პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც გადაამზადა, რა პრინციპით შეარჩია? ჯერ ერთი, საკითხავია, ეს პარტიები საარჩევნო ბარიერს გადალახავენ თუ არა. მეორეც, მათი წარმომადგენელთა საარჩევნო საკითხებში გათვითცნობიერება სახელმწიფო ბიუჯეტის დასაფინანსებელი რატომაა? თუ ასეა, მაშინ არ ჯობია, ეს ხალხი ეკონომიკაში გავათვითცნობიეროთ?

– ცესკო-მ საარჩევნოდ შესაძლოა, ე.წ. კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლები გადაამზადა…

–  კი ბატონო, მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ, ეს პარტიები იქნებ, კვალიფიციური სუბიექტი ვეღარ ხდებიან?

– პრეზენტაციაზე, რომელსაც ესწრებოდით, ქალბატონო ნანა, ეს კითხვა არ დასვით?

– ამის მოსმენაზე გადავირიე, მაგრამ იქ ვიღაც ბოჟაძე იმყოფებოდა, რომელმაც ხოტბა-დიდება დაიწყო, ცესკო წმინდანის სახით მოგევლინაო. ამის გამო გავღიზიანდი და მივუგე, პრობლემებს ვერ ხედავთ და დითირამბებს უმღერით, არადა, გააზრებული გაქვთ, იმ ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომლის 500 ათასი მოსახლე ოფიციალურადაა სოციალურად დაუცველად რეგისტრირებული, მილიონამდე კი, რეგისტრირებული არ არის, ცესკო-ზე რა თანხები იხარჯება-მეთქი? მოკლედ, ეს, პრაქტიკულად, სოციალურად დაუცველთა ქვეყანაა და ეს ქვეყანა არჩევნების მაიმუნურად ჩატარებაში ცესკო-ს ამხელა თანხას უხდის, თუმცა ასეთი დაფინანსების მიუხედავად, ცესკო არაკომპეტენტურია.

– ამას რატომ ამბობთ?

– მაგალითად, „მრეწველებს“ რეგისტრაცია გაუუქმა, თუმცა როგორც სასამართლომ დაადგინა, ეს გაუქმება აბსოლუტურად არაკვალიფიციური იყო – ცესკო-მ შეცდომა დაუშვა და რეგისტრაცია უნდა აღადგინოს. სხვათა შორის, ცესკო-ს ამ შეცდომას ადამიანი შეეწირა – „მრეწველების“ ბლოკის ნაძალადევის შტაბის უფროსმა, ზაზა ნაზაროვმა შიმშილობა დაიწყო, ინერვიულა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მოკლედ, ამ ბლოკმა სტრასბურგში რომ გაასაჩივროს, ცესკო-ს შეცდომის გამო მატერიალური და მორალური ზიანი მოგვადგაო, გამოვა, რომ ჟვანიას სულელურ გადაწყვეტილებაზე პასუხი ისევ სოციალურად დაუცველი ადამიანების ბიუჯეტმა უნდა აგოს!

– ქალბატონო ნანა, იმის თქმა გინდათ, რომ სააკაშვილის მიერ მიღებული კანონი, რომელიც წეღან ახსენეთ, „ოცნებას“ უნდა შეეცვალა?

– რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ამ კანონის მიღებამდე მთელი არჩევნები 3 მილიონი ჯდებოდა და მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარის ხელფასი 400-500 ლარი იყო. ცესკო-ს 13 წევრი ჰყავს და ცამეტივეს სახელმწიფო ავტომანქანა ემსახურება. გამაგებინეთ, ცესკო-ს წევრებს მანქანები რისთვის სჭირდებათ – შინიდან სამსახურში რომ მივიდნენ და მერე, უკან წამოვიდნენ? მანქანები რომელ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლებს ემსახურებათ? არჩევნები სამი თვეა და გამაგებინეთ, ამ ადამიანებს მანქანები დანარჩენი 9 თვე რატომ ემსახურებათ?

– ცესკო ასეთი პრივილეგირებული შესაძლოა, იმიტომ არის, რომ კორუფციის სურვილი არ გაუჩნდეს…

– ამაზე მეტი კორუფცია რაღა გინდათ? – ეს დაკანონებული კორუფციაა! ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, ინტერნეტში ნახოთ, მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის ცესკო-ს თავმჯდომარის ხელფასი პრეზიდენტისას სამჯერ და ოთხჯერ თუ აღემატება! თქვენ, რა, გგონიათ, იმ ექვს ადამიანს, რომელიც აშშ-ში ფედერალურ არჩევნებს ატარებს, პრეზიდენტზე მაღალი ანაზღაურება აქვს?

– ქალბატონო ნანა, თუ ეს კანონი არ შეიცვალა, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარე ყოველთვის ხელისუფლების სურვილების გამტარებელი იქნება. ამას ამბობთ, არა?

– დიახ, ცესკო მუდმივად იმ პოლიტიკური ძალისგან იქნება მართული, რომელიც ძალაუფლების უზურპირებას მოახდენს! საერთოდ, არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღე კი არა, იგივე კანონებია – კონსტიტუციითა და ყველა ქვემდებარე აქტით განისაზღვრება, არჩევნები რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება და დემოკრატიული ინსტიტუტები როგორი ძლიერი იქნება.

– გამოსავალს რაში ხედავთ?

– პირველ რიგში, არ შეიძლება, რომ ცესკო-ს ხელმძღვანელის ხელფასი ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასს უტოლდებოდეს, რადგან პრეზიდენტი, ასევე, პრემიერიც ყველაზე უმაღლესი თანამდებობაა.

– ესე იგი, პრობლემა კანონია?

– დიახ, კანონი მახინჯია.

– ვთქვათ, ეს კანონი შეიცვალა და ხელფასები შემცირდა, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხომ შეიძლება, პოლიტიკური კორუფციის სურვილი გაუჩნდეთ?

– თუ ცესკო-ს თავმჯდომარესა და სხვა თანამშრომლებს პოლიტიკური კორუფციის სურვილი გაუჩნდებათ, საამისოდ პროკურატურა არსებობს. საერთოდ, კორუფციის სურვილი შეიძლება, ნებისმიერ ჩინოვნიკს გაუჩნდეს და ამიტომ, ყველას მილიარდები მივცეთ? – ეს რა ლოგიკაა?! ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელსაც ხელფასი 20 ათასი ლარი აქვს, სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს?

– ვერ ვხვდები, რატომ არ ჩაატარებს?

– რატომ და, – ვთქვათ, ხელისუფლებაში ჩემნაირი ადამიანები მოვიდნენ, რა, შეარჩენენ, ბიუჯეტს ასე რომ ძარცვას? ჟვანიას, რომელიც ამხელა ხელფასს იღებს, თავისთავად აქვს განცდა, რომ ეს დამსახურებული ანაზღაურება არაა და ის უნდა გააკეთოს, რასაც ხელისუფლება მიუთითებს.

– ცესკო-ს ხელმძღვანელს ასეთი მაღალი ხელფასი 2012 წლამდეც ჰქონდა, მაგრამ ოთხი წლის წინ, ქვეყნის ხელისუფლება მაინც შეიცვალა…

– 2012 წელს სხვა რამე მოხდა.

– რა „სხვა რამე“?

– ის არჩევნები კი არა, საარჩევნო ყუთებთან ქართული საზოგადოების ამბოხი და რევოლუცია იყო. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყველაფერი დასავლეთისგან, ჩრდილოეთისგან, სამხრეთისგან თუ რა ჯანდაბაც არის, დარეგულირებული რომ არ ყოფილიყო, ის შედეგი არ დადგებოდა, რაც დადგა, ანუ დასავლეთიც ხედავდა და ჩრდილოეთიც, რომ თუ ის რეჟიმი არ შეიცვლებოდა, უმართავი პროცესები დაიწყებოდა და ამით შეიძლება, ისეთი ხელისუფლება მოსულიყო, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებდა. საერთოდ, საზღვარი უზნეობასაც აქვს და „ნაციონალებს“ ეს საზღვარი გადალახული ჰქონდათ, ამიტომ, გადაწყვეტილება სხვაგან იქნა მიღებული, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო. მეტიც, იმ წუთიდან, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, სააკაშვილს განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.

– ქალბატონო ნანა, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც ამბობთ, გაქვთ განცდა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება?

– ისეთი განცდა მაქვს, რომ ცესკო-ში კორუფცია დაკანონებულია! სხვათა შორის, ცესკო-ს არავინ ამოწმებს, მათ შორის, არც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ცესკო-ს ასეთი არაკვალიფიციური და კონტექსტიდან ამოვარდნილი თანამშრომლები არასოდეს ჰყოლია!

ცესკო-ს კიდევ ერთ „გიჟურ“ პროექტზე გეტყვით, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ კრიტერიუმსაა გაცდენილი. მოკლედ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, ცესკო-ში უამრავი ახალგაზრდა გყვავსო. გეკითხებით, ცესკო-ში უამრავი ახალგაზრდა რატომ უნდა მუშაობდეს?

– ახალგაზრდები ცესკო-ს შტატიანი თანამშრომლები არიან?

– შტატშიც არიან და ხელშეკრულებითაც ჰყავს აყვანილი. ეს რომ მოვისმინე, უარესად გადავირიე, ცესკო პიონერთა ბანაკია თუ უამრავი ახალგაზრდა რატომ ჰყავს? აგვიხსნეს, ეს ახალგაზრდები მეტროსადგურებთან, ბაზრობებსა და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში გავუშვით, რადგან ყველას არ აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო სიებში პირადი მონაცემები ინტერნეტით გადაამოწმოს. ამიტომ, ახალგაზრდებმა ხალხის პირადი მონაცემები შეაგროვეს და ამით სიები შევასწორეთო.

ჯერ ერთი, ბაზრობიდან მოტანილი პირადი მონაცემები სანდო რამდენადაა. მეორეც, როცა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობაზე ვლაპარაკობთ, რა უფლება გაქვს, შე დალოცვილო, ვიღაცას მიადგე და მოსთხოვო, შენი პირადი მონაცემები მომეციო? კი ბატონო, არჩევნების დროს გარკვეული პირადი მონაცემების გასაჯაროება ხდება, მაგრამ ეს კანონითაა განსაზღვრული, მაგრამ რომელი კანონით რეგულირდება, რომ ახალგაზრდებმა ქუჩებში ირბინონ და პირადი მონაცემები შეაგროვონ? ყველაფერი ეს კანონის ჩარჩოდან გასულია, მაგრამ როცა ამაზე ცესკო სიამაყით ლაპარაკობს, ესე იგი, კანონის აზრზე საერთოდ არაა! ასეთი ცესკო-ს მიერ ჩატარებულ არჩევნებს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის სანდოობა არასოდეს ექნება იმიტომ, რომ ის, თავისი არასამართლიანი დაფინანსებიდან გამომდინარე, ობიექტური ვერ იქნება!

ესაუბრა ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლონეთი აბორტის სრულად აკრძალვას აპროტესტებს