ცესკო-ს შენობაში იმიტირებული არჩევნები ტარდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები ტარდება. კენჭისყრის პროცესი ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების – ამომრჩევლის რეგისტრაციის (იდენტიფიცირების), ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკოს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს. შეხვედრებში, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანებებიდან – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ევროპელი სოციალისტები“, „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ და „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითელავში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამოზარდების ჩხუბი თბილისში – ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა