ცესკო – ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 41.35 პროცენტი შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, იაქტიურონ.

„კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ცესკო-ში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 41.35 პროცენტს შეადგენს.

„17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის -41.35- %-ს შეადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.

ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში, ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება. ხმის დათვლის ვიდეოგადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში, წილისყრაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში – Google drive-ის პლატფორმაზე. ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც, რომელიც, ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად, წელს პირველად განხორციელდება. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი ხუთი უბნის შედეგი გადაითვლება“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის დათვლის პროცედურები დღეს, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.

„მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკო-ში წევრი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება“, – აცხადებენ ცესკო-ში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ნონიაშვილმა უბანზე არსებულ დარღვევებსა და ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტზე ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – რეგიონებში საერთოდ მოსყიდვის ჩერნობილია