ბურჯანაძე – თეა წულუკიანის დანერგილია, როცა სახელმწიფოს წარმომადგენელს პასუხი არ აქვს კონკრეტულ პრობლემაზე, თავდასხამაზე გადმოდის

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე მხარდაჭერას ელოდება იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია.

“ხშირად მეკითხებიან, სახალხო დამცველად ჩემი შერჩევის შემთხვევაში რა იქნებოდა ჩემი პრიორიტეტი. შეუძლებელია სახალხო დამცველისთვის უფლებებს შორის პრიორიტეტი არსებობდეს, შეუძლებელია არსებობდეს რაღაც გრადაცია, მაგრამ ორ საკითხს გამოვყოფდი, პირველი, ეს არის უკომპრომისობა, რასაც ალბათ ყველა შემთხვევაში გავუსვამდი ხაზს და მეორე- ევროინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა, ამის ხაზგასმა და შეხსენება სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისთვის. საქართველო იმყოფება უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ეტაპზე და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მაქსიმალურად ყველა სტანდარტის შესაბამისი იყოს. მე მხარდაჭერას ველოდები იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია. მთელი ჩემი პროფესიული კარიერა ადამიანის უფლებებისთვის მაქვს მიძღვნილი. ვინც ობიექტურად და პროფესიონალურად აკვირდება სახალხო დამცველის საქმიანობას, მათი შეფასებით, ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა, ვისთან ერთადაც მიმუშავია, ყოველთვის იყო პროფესიონალური და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით იქნება შესაბამისი შეფასება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, სახალხო დამცველის პოსტზე რამდენად იქნება არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე პასუხობს, რომ საქართველოში რთულია ფურცელზე დაწერილ პროცედურას ენდო. თუმცა როგორც მან აღნიშნა, წინასწარ ამ საკითხზე შეფასებების გაკეთება არ სურს.

ბურჯანაძე ასევე გამოეხმაურა მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან სახალხო დამცველის ნინო ლომჯარის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომ „ლომჯარია „ნაცების“ დამცველია, ასევე თეა წულუკიანის განცხადებას, რომ „ლომჯარიას პარლამენტში გამოსვლა გედის ბოლო სიმღერას ჰგავდა“.

„სხვათა შორის, ქალბატონი თეას დანერგილია 2020 წლის იანვრიდან, როდესაც სახელმწიფოს კონკრეტულ წარმომადგენელს პასუხი არ აქვს იმ პრობლემაზე, რომელსაც ჩვენ მას ვაჩვენებთ და ვეუბნებით, ეს გამოსაწორებელია, გადმოდის თავდასხამაზე. ეს უკვე აპრობირებული გზაა და მივეჩვიეთ. რაც შეეხება ეკლესიაზე ხაზგასმას, ჩემი აზრით, ეს აშკარად იყო სპეციალურად ორგანიზებული. სახალხო დამცველმა 40-ზე მეტი კონსტიტუციური სარჩელი გაგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელთა ძალიან დიდი ნაწილის დასაშვებობაზე სასამართლოს არც უმსჯელია. ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ უცებ გადაწყვიტა იმ სარჩელის დასაშვებობაზე მსჯელობა, რომელიც ეხებოდა ტყეების გადაცემას მართლმადიდებლური ეკლესიისთვის და ვნახეთ, რომ გუშინ მთავარი წამყვანი თემა ეს იყო. ეს ადასტურებს იმას, რომ საკნოსტიტუციო სასამართლოც ამ ფერხულშია ჩართული“, -აცხადებს ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშითიბისის 30 წლის იუბილეზე 10 000 – ზე მეტი თანამშრომელი წინანდლის მამულში შეიკრიბა
შემდეგი სტატიამოლაპარაკებები „კიევსა და მოსკოვს შორის რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ აღდგება