ბრეგაძე – ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, ეს არის დიდი მავნებლობა

ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ ტერმინ გატაცებას, სურთ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, მსგავსი საუბრები არის მავნებლობა.

„მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განამვლობაში გავრცელებულ ამ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინი გატაცებით, რომელსაც შეგნებულად ამკვიდრებენ ჩვენი ოპონენტები და უნდათ, მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ. საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის სწორედ ძალიან დიდი მავნებლობა.

მე არ ვპასუხობ ჩვენს ოპონენტებს, ვპასუხობ საზოგადოებას, თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის მეორე დაწესებულებაში გადაყვანას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.

„როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუაარესების თავიდან ასაცილებლად და მსგავი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო მე-18 სამკურანლო დაწესებულებაში, სადაც მასზე სამკურანლო მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო. შესაბამისად, ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია მე-18 სამკურანლო დაწესებულებაში და მასზე სრულად ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

აქვე, გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები, ჩვენ მრავალგზის ვისაუბრეთ სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც ცხადი გახდა, რომ დაახლოებით 500-600- კაციანი ჯგუფი გეგმავდა ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე. გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპეციალური პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელს, რომელმაც მოახდინა პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა ამ დაწესებულებაში, რომელშიც ის იმყოფება. აქვე, ბუნებრივია, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესახლების კადრებს ასაჯაროებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად შესახლების კადრებზე