„ბოლო წლებში, მეტ მოცულობას ვყიდულობდით აზერბაიჯანისგან და სულ უფრო ნაკლებს – „გაზპრომიდან“

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მილსადენის გაყიდვაზე საუბარი იყო, დაახლოებით, 2005 წელს, ჯერ კიდევ, აგვისტოს ომამდე პერიოდში.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, მაშინ, გაზის მომწოდებელი საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი იყო.

„არ იყო აუცილებელი, რომ მილსადენი მაინცდამაინც რუსებზე გაყიდულიყო. შემდეგ, იყო 2006 წლის იანვარი, ძალიან მძიმე და ცივი ზამთარი, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა, გაზის მიწოდება გამოეყენებინა როგორც პოლიტიკური იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. შეგვიწყვიტა ბუნებრივი აირით მომარაგება. ამის შემდეგ, თუ ნახავთ რა ხდებოდა, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს, ცალსახად ჩანს, რომ წლების განმავლობაში, მართალია, „გაზპრომიდან“ შემოდიოდა საქართველოში რაღაც რაოდენობის ბუნებრივი აირი, მაგრამ ეს მოცულობა მუდმივად კლებადი იყო“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, უკვე ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მეტ მოცულობას საქართველი ყიდულობდა აზერბაიჯანისგან და სულ უფრო ნაკლებს – „გაზპრომიდან“.

„ბოლო წლებშიც, „გაზპრომიდან“ რაღაც დამატებებიც შემოდიოდა – ძალიან უმნიშვნელო, ძირითადი ნაწილი კი – აზერბაიჯანიდან. ტენდენცია და კურსი იყო აღებული იმისკენ, რომ ჩვენ აღარ ვყოფილიყავით დამოკიდებული რუსეთზე, იმიტომ, რომ აღარ ვენდობოდით მას და მომარაგება გვქონოდა უფრო სანდო სტრატეგიული პარტნიორისგან, აზერბაიჯანისგან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკან გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მართალია, მილსადენის “გაზპრომზე” მიყიდვაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებ რისკებს ქმნის, ვიდრე “გაზპრომის” გაზზე “შეჯდომა”, რადგან ეს პუტინის ხელში არსებული პოლიტიკური იარაღია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო ევროკომისრის დასკვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს