ბოკერია – როცა პრემიერი ასე საუბრობს პოლიტიკურ ოპონენტზე, ეს დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის, არამედ ყველასთვის

ეს არის სამართლებრივი აბსურდი და ამას თავი რომ დავანებოთ, მთავარი საკითხი არის დემონსტრირება ამ კატასტროფული სასოწარკვეთის, ძალაუფლების შენაჩუნებისთვის ნებისმიერი რამის კადრების და ნებისმიერი სიტყვის თქმის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას, რომ „კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს“.

„ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე.

დამოკიდებულება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა თვითმკველობასთან დაკავშირებით კანონში მსგავსი ჩანაწერი, რაზეც ირაკლი ღარიბაშილი საუბრობს, ბოკერია ამბობს, რომ „ამ ტიპის ჩანაწერი არ არსებობს“.

„თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი არ არის, ოღონდ ეს არაფერ შუაშია ამ განცხადებასთან. როდესაც ადამიანი პატიმრობაში გყავს და არ იღებ იმ ზომებს, რომელიც მისი ჯამრთელობისთვის აუცილებელია, რისკებს არ ითვალისწინებ და ასეთი დამოკიდებულება გაქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალის დენმონტრირებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – 20 საარჩევნო ოლქში მეორე ტურის ჩატარება არის დემოკრატიის ნაწილი, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა
შემდეგი სტატიარიჟვაძე – გავაგრძელებთ ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა