ბოკერია „ქართული ოცნების“ კვლევაზე – თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას

თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ კვლევა, რომლის მიხედვით, ქუთაისში მმართველი ძალა 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო „ქართული ოცნების“ გუნდის მერობის კანდიდატი 50.3%-ით.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“.

„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადება, რომ რეფერენდუმი გააუქმეს და აღარ არის, ასევე ყველა ეს კვლევა, უბრალოდ, საკუთარი ადმინისტრაციული ვერტიკალისთვის გულის გამაგრების ნაწილია იმიტომ, რომ მათი კამპანია ეყრდნობა დაშინებას, მოსყიდვას და ამისთვის სჭირდებათ, მათი აზრით ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში ვრჩებით, ამიტომ, სჯობს, ამას შეეგუოთო. ყველა ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნება არჩევნების დღეს. ჩვენი მოქალაქეეების აქტიურობის შემთხვევაში ვნახავთ მათ კიდევ ერთ კრახს, როგორც ბევრჯერ გვინახავს მათი მხრიდან ეგზიტპოლებით გამოცხადებული გამარჯვებები უზარმაზარი ცდომილებით. რატომ? იმიტომ, რომ თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა. ჩვენი მოქალაქეების ხელშია მომავალი, მათი აქტიურობის შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, არა რომელიმე პარტიის, არამედ საზოგადოების ამოცანაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს.

„მოლოდინი კი არ არის, საზოგადოების ამოცანაა, რომ ეს პოლიტიკური უბედურება დაასრულოს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია, რომელიც ყველას საფრთხეს უქმნის, მათ შორის მათ, ვინც პოლიტიკურად დღეს მათ მხარეს არის. ამიტომ, მოქალაქების აქტიურობა ამისთვის წერტილის დასმა იქნება. ეს ყველაფერი არა პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშია“,-განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიბობოხიძე – მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“
შემდეგი სტატიაკლინიკების ასოციაცია მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს