ბობოხიძე – მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“

ერთადერთი შანსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დარჩა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების პასიურობა – თითოეულ მოქალაქეს მივმართავ, მოვიდეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება“.

„ამ რეფერენდუმზე პარტიების კოორდინირებით, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა მოხდება. 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ვერ შედგება საქართველოს მოქალაქეების აქტიურობის გარეშე. ერთადერთი შანსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დარჩა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების პასიურობა. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს ვპირდებით, რომ ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გავაკეთებთ მიუხედავად ასაკისა, ჯანმრთელობისა, თვქენი მდგომარეობისა, მოგცეთ საშუალება, თქვენი სურვილის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ. თითოეულ მოქალაქეს მივმართავ, მოვიდეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ გზა არ არის ქვეყნის განვითარების გზა. ბუნებრივია, ჩვენი მოწოდება და სურვილია, პირველ რიგში, ეს მხარდაჭერა ჰქონდეს „ევროპულ საქართველოს“.

„ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც არასდროს ატყუებს თავის ამომრჩეველს და საქართველოს არცერთ მოქალაქეს, ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს მოქალაქეებთან და რაც მთავარია, „ევროპული საქართველო“ არის ამ ბრძოლაში ყველაზე პრინციპული, მიზანდასახული და ეს არის გუნდი, რომელიც ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

წინა სტატიაშირესპუბლიკურ საავადმყოფოში ხვალიდან ვაქცინაციის პროცესი განახლდება
შემდეგი სტატიაბოკერია „ქართული ოცნების“ კვლევაზე – თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას