ბოკერია: პოლიტიკური ველურები ყველგან არიან, თუმცა, ინაშვილი ივანიშვილის სახეა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ “ინაშვილისნაირი პოლიტიკური ველურები დალაგებულ ქვეყნებშიც არსებობენ”, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ “ინაშვილი წარმოადგენს ივანიშვილს, მისი სახეა” და სწორედ ეს არის ღრმა კრიზისი. ბოკერია ინაშვილის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდნის ფაქტს ეხმაურება.

“იგივე ხალხი, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აშინებს რუსეთთან ომით, (ბუნებრივია, ომი არავის არ უნდა და უნდა ავიცილოთ თავიდან), ამავე დროს, იძახიან, მეხუთე მუხლი უნდა გავრცელდეს აფხაზებზეო, მაშინ ეგ ომს ნიშნავს, სწორედ ამ საბაბით თუ არგუმენტით იბლოკება ნატოს წევრობა, ბატონმა რასმუსენმა რაც თქვა, სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, არაოკუპირებული საქართველო იყოს დაცული და ეს ზრდის შანსებს სწრაფად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ასე იყო გერმანიის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ანალოგია და ბევრ სხვა შემთხვევაში.

რაც შეეხება ჩემს გვარს ან ჩემს პერსონას, მოხარული ვარ, რომ საქართველოს თავისუფლებს მტრებს კარგად ესმით, რომ ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც მათთვის ყველაზე სახიფათოა, ოღონდ მშვიდობიანად, არჩევნებში მათი დამარცხების და მათი პოლიტიკური დასუსტებით, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ შემდეგ არჩევნებზე” – ამბობს ბოკერია.

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს.

“მინდოდა, მიმეღო მონაწილეობა, მომესმინა ჯერ და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენებაც გამეკეთებინა. ხომ არ შეიძლება, მარტო შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე. მე მაქვს სათქმელი, რომ ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ეს მაქვს სათქმელი”, – თქვა მან.

“თქვენი მეუღლე არის მწამებელი და მიიღებთ პასუხს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა და გავაკეთო მოხსენება”, – მიმართა მან ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს.

“არ წავალ, ეს არის თქვენი დემოკრატია?”.

ირმა ინაშვილთან ერთად თბილისი რუმსში, სადაც კონფერენცია იმართება, იმყოფება ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების – „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია – Now What? – დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში,,კონფერენციის თეორიულ დისკუსიას “პრაქტიკული სავარჯიშო” შეემატა”-სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – კონფერენციაზე მოვედი იმის სათქმელად, რომ გიგა ბოკერია, რომელიც გუშინ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა, არის მწამებელი