ბობოხიძე კარლო კოპალიანს – 2011 წლის 26 მაისს სახელმწიფოსგან მიიღეთ პასუხი, მაგრამ გამომწვევი თქვენ იყავით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 26 მაისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სწორედ „ნაციონალური მოძრაობამ“ მოაწყო.

როგორც კოპალიანმა აღნიშნა, 2011 წლის 26 მაისს, შუაღამისას პარლამენტის წინ შეკრებილ დაახლოებით სამი ათას მომიტინგეს თავს დაესხა დაახლოებით ორჯერ მეტი შეიარაღებული რაზმები დაიწყო მათი დარბევა.

„უბედურება ტრიალებდა რუსთაველზე ისმოდა სროლა, ქუჩაში ეყარნენ გაზის მოწამლული და რეზინის ტყვიებით დასისხლიანებული ადამიანები. ისმოდა განწირული კივილი, მამაკაცთა გმინვა და ნიღბიანთა უწმაწური ბილწისტყვაობა. ერთ კაცს სცემდა 10 სპეცრაზმელი. რუსთაველი მოფენილი იყო ძვლებდამტვრეული და ხელებგაკოჭილი ადამიანებით, ხალხს დასდევდნენ სადარბაზოებში, სხვენზე, სახურავებზე, დალეწეს კინოთეატრი „რუსთაველი“, ყველა განურჩევლად სცემეს და დააპატიმრეს. ამ ფაშისტურ დარბევას შეეწირა ადამიანების სიცოცხლე. მე მოწმე ვარ ყველაფერი ამის, მე იქ ვიყავი ნაცემ, დასისხლიანებულ და დაპატიმრებულთა შორის. გაგიჟებული და გაცოფებულები იყვნენ. სად არიან ამ სისხლიანი კალოს მომწყობნი დღეს? ზოგი გაქცეულია, ზოგი ციხეში, ზოგი აქ არის და ახლა ჭკუას გვასწავლიან როგორ ავაშენოთ დემოკრატია“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კოპალიანის განცხადებას უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ კარგად ახსოვს 26 მაისი.

„მახსოვს, 26 მაისს როგორ იყავით, სახალხო პატრული რომ გქონდათ, ფარები, კეტები და ძალადობაზე რომ ლაპარაკობდით, ბატონო კარლო, ამიტომაც შეიძლება არაადეკვატური, მაგრამ პასუხი მიიღეთ სახელმწიფოსგან, რაც მიიღეთ. ოღონდ გამომწვევი თქვენ იყავით, ბატონებო. მე „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ლაპარაკიც კი არ მინდა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიბანკომატის ქურდობა რუსთავში – შსს განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“პრეზიდენტად დასმული საპატრიარქოს ხმა – ის რაც გააფუჭა გარეჯასთან მიმართებაში არის საპატრიარქოს ინიციატივა…”