ბიწაძე – ოპოზიციის გეგმაა საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა

ოპოზიციის გეგმა არის ორკომპონენტიანი, ერთი არის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და მეორე საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა – როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, ბოლოს მაინც მოლაპარაკებების მაგიდა იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბიწაძის თქმით, დათმობა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი, თუმცა ოპოზიცია თავის მხრივ, ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხს ვერ დათმობს.

„ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ერთიანობა არ ნიშნავს საერთო განცხადებების კეთებას, არამედ ნიშნავს ოპოზიციის ერთიან ქმედებას და ჩვენ გადავდივართ ამ რეჟიმში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევხვდებით ჩვენს მხარდაჭერებს ჩასვლისთანავე, იმისათვის, რომ 15 მაისის ორგანიზება მოხდეს ძალიან კარგად და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იქნეს წარმოდგენილი 15 მაისს.

ეს არ არის პარტიული ღონისძიება, 15 მაისს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს სახელმწიფო დავუტოვოთ მიტაცებული ოლიგარქ ივანიშვილს თუ დავიბრუნოთ სახელმწიფო.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ძალიან სერიოზული საპროტესტო აქცია იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება, დავიბრუნოთ ზოგადად სახელმწიფო, დავასრულოთ პოლიტიკური დევნა და მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც კრიზისის განსამუხტად არის საჭირო.

ჩვენი გეგმა დარჩება უცვლელი. ჩვენი გეგმა არის ორ კომპონენტიანი – ერთი არის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და მეორე საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა, რომ მან გაიგოს, რომ კრიზისს სჭირდება განმუხტვა არჩევნების გზით. ოპოზიცია მოწოდებული იყო დიალოგისკენ, მაგრამ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით „ქართულმა ოცნებამ” ხელი მოკიდა მოლაპარაკებების მაგიდას და ააყირავა, ამიტომ ერთადერთი ვის პასუხისმგებლობაზეც შეიძლება საუბარი, არის „ქართული ოცნება”“, – განაცხადა ბიწაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ასეთ პირობებში „ნამახვანჰესი“ ვერ აშენდება!
შემდეგი სტატიალელა ქებურია – გახარიას გუნდი ჯერჯერობით გამოიყურება, როგორც „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“