გიგი უგულავა – ასეთ პირობებში „ნამახვანჰესი“ ვერ აშენდება!

ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, „ნამახვანჰესი“ არ აშენდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კომპანია და სახელმწიფო არა სპეცრაზმის, გაზის ან წყლის ჭავლის ენით, არამედ, ჩვეულებრივი, ადამიანური ენით ელაპარაკოს და შეთანხმებას მიაღწიოს.

„ჩემი აზრით, ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, „ნამახვანჰესი“ არ აშენდება და საქართველოს, სამწუხაროდ, აქვს ამის დიდი გამოცდილება, რომ შეიძლება, ერთი მხრივ, მისასალმებელი პროექტი ხელისუფლების არასწორი მართვის, სიხარბის, სიწუწკის, გაუმჭვირვალობის, კორუფციისკენ მიდრეკილების გამო აღარ გაკეთდეს. დღეს სრულიად ცალსახაა, როდესაც აღარ დარჩა პარტნიორი ადამიანი ადგილზე ამ კომპანიას და ხელისუფლებას, ასეთ ვითარებაში ჰესი ვერ აშენდება. ეს არ არის პატარა ქოხი! ჰესი, რომელსაც იქ მცხოვრები ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არ უჭერს მხარს, ის ვერ გაკეთდება. ჩემთვის მთავარია ერთი საკითხი – კერძო მესაკუთრეები, რომლის უფლებები არის აბსოლუტური. მთავარი ის კი არ არის, ხელისუფლებასთან და პოლიციასთან ირბინოს ამ კომპანიამ, თუ კომპენსაციის საკითხია, ხალხს მეტი ფული შეპირდეს, იმიტომ, რომ ადამიანები იქ საუკუნეებია ცხოვრობენ და აყრა უწევთ. ამიტომ არა სპეცრაზმის, არა გაზის, არა წყლის ჭავლის და რაღაც უბედურებების ენით, არამედ, ჩვეულებრივი ადამიანური ენით უნდა შეთანხმდეს ორი მხარე, მათ შორის, თანხებთან დაკავშირებით. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩემთვის იქ მთავარია კერძო საკუთრება და არა რაღაც გაუგებარი ლოზუნგები, რომელსაც ხელისუფლება და კომპანია გვეუბნება. ასეთ პირობებში ჰესი ვერ აშენდება. ეს უნდა გაჩერდეს, ჩაცხრეს და მერე რაციონალურად უნდა დაჯდეს ეს კომპანია და არა პოლიცია და სახელმწიფო და ამ ადამიანებს თუ საჭიროა მეტი კომპენსაცია მისცეს, მეტად დაარწმუნოს ეკოლოგიურ საკითხებში. ასე ძალით არაფერი გამოვა“, – განაცხადა უგულავამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუგულავა – 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, ბრაზი გამოხატოს
შემდეგი სტატიაბიწაძე – ოპოზიციის გეგმაა საპროტესტო აქციებით ივანიშვილზე ზეწოლა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა