ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილს შეიძლება სინანულის საგალობელი დააწერინოს

ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სამთავრობო კარუსელის დატრიალება ასე არასდროს გასჭირვებია. გარდა იმისა რომ კადრებში უჭირს, ის იძულებულია „ოცნების“ საპარლამენტო ფლანგსაც გაუწიოს ანგარიში.
20 ივნისის სისხლიანი ღამის ფონზე დაწყებული მღელვარება რომ ჩაექრო, ერის მამამ ერს ამცნო – 2020 წელს არჩევნებს პროპორციული წესით ჩავატარებთო. ეს მოთხოვნა ოპოზიციას და მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდი ხანია ჰქონდა, მაგრამ „ოცნება“ მაჟორიტარულ სისტემას კბილებით იცავდა.
არადა პროპორციული წესით არჩევნები „ოცნებას“ ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა ჩაეტარებინა -2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდნენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარულს გავაუქმებთო. დასხდნენ თუ არა თბილ სავარძლებში, მაშინვე მიხვდნენ რომ მაჟორიტარები ხელიდან გასაშვები ხალხი არაა, ისინი ნებისმიერი მთავრობის სამსახურში არიან.
ავადსახსენებელი გავრილოვის მიერ პარლამენტის წაწყმენდის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა მაჟორიტარული სისტემა გაეწირა, თუმცა ყველაფერი არ დასრულებულა. იმისთვის რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო. ამას მაღალი კვორუმი სჭირდება. „ოცნების“ მაჟორიტარები ძირითადად მრავალპარტიაზე გადამხტარი ხალხია და ბევრი მაიმუნობა აქვთ გამოვლილი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ რომ გარანტიები მიიღონ. აბა მაჟორიტარობას ასე იოლად ვერ შეელევიან. იმდეჯერ იყვნენ მაჟორიტარები, რომ ეს მემკვიდრეობით მიღებული ტიტული ჰგონიათ.
ათას პარტიაზე გადამხტარებმა კარგად იციან რომ ახლა მათ ხმას ოქროს ფასი აქვს, იციან და ვაჭრობენ კიდევაც. ივანიშვილიც იძულებულია მათ ევაჭროს. ამიტომაც ათანხმებს მათთან ახალი მინისტრებს.
მაჟორიტარების გარდა ცვლილებისთვის სხვა კანონმდებლების ხმებიც საჭიროა. მთავარი მეოცნებე მათაც ევაჭრება.
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ დღეებში მედიაში არაერთი ვერსია გავრცელდა. ამ ვერსიებზე „თაიმერი“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, ამიტომ რამდენჯერმე დაწერილს აღარ გავიმეორებ.
გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებსსამაგიეროდ ძალიან საინტერესო ახალი ამბავი გვაქვს ჩვენი მითხველისთვის. ამ დღეებში „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ვანო ჩხარტიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრობაზე აცხადებდა პრეტენზიებს.
ეს პერსონა ბოლო დროს ივანიშვილს ძალიან დაუახლოვდა. ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების ანაბრების შემმუსვრელი საკადრო საკითხებშიც ერეოდა. ეკონომიკის მოქმედი მინისტრი მისი წარდგენით არის დანიშნული.
ანაბრების შემმუსვრელი საპატრიარქოსთანაც ახლოსაა და მას სულიერმა მამებმა გალობა ჩააბარეს. გალობა და რუხი კარდინალობა ეტყობა მოსწყინდა ჩხარტიშვილს და ივანიშვილს მინისტრობა მოსთხოვა, ისაც დათანხმდა, მაგრამ მოხდა ერთი რაღაც.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ ჩხარტიშვილის გამოისობით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი ჩაიშალა. ჩაშლილი ტენდერი ივანიშვილისთვის იყო მნიშვნელოვანი, სხვა შემთხვევაში ის ასე არ გაცეცხლდებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მთავარი მეოცნებე დაჭრილი ლომივით ბრდღვინავდა და კინაღამ ჩხარტიშვილის დაჭერა მოითხოვა.
ასე რომ ამ მომენტისთვის ანაბრების შემმუსვრელს ისევ გალობის მიხედვა მოუწევს. და თუ არ მოისვენებს, შესაძლოა სატუსაღოში სინანულის საგალობელი დააწერინონ.
თავში ავღნიშნეთ, რომ ივანიშვილს კადრებში უჭირს და ამ გაჭირვების ჟამს. სცადა გოგა ხაინდრავას ფიგურის გამოყვანა. ეს უკანასკნელი მთავარ მეოცნებესთან ძალიან ახლოს არის.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა ხაინდრავას არაერთხელ შესთავაზა მინისტრის პოსტის დაკავება, მაგრამ ეს უკანასკნელი რატომღაც თავს იკავებს.
აღსანიშნავია რომ ხაინდრავას ორჯერ უკვე ეკავა მინისტრის პოსტი. ერთხელ შევარდნაძის დროს, მეორედ სააკაშვილის.
„თაიმერისთვის“ და „თაიმერის“ წყაროსთვის უცნობია ვინ ურჩია ივანიშვილს ხაინდრავას გამინისტრება. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ -არჩევნების წინ მისი გამინისტრება „ოცნებისთვის“ წამგებიანი იქნება. არა იმიტომ რომ საზოგადოებაში მის მიმართ მკვეთრად უარყოფითი განწყობაა. ის ბოლო დროს სადაც გამოჩნდა, ყველგან ცუდად წავიდა საქმე. თავად „ოცნებაში“ ეძახიან ხაინდრავას თარს გოგიას.
გახსოვთ ალბათ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩვნებში გამარჯვება დიდი ბუკეტით რომ მიულოცა და რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ მეორე ტური იქნებოდა.
სულ ახლახანს კი, ის რაგბზე მივიდა და საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა.
ეს ყველაფერი ალბათ დამთხვევითობაა, მაგრამ ივანიშვილი ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას აქცევს. ამიტომაც არის საოცარი რატომ შესთავაზა მან ხაინდრავას მინისტრის პოსტი.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგამვლელ მამაკაცს ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ