ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეუძლებელი შეძლო და საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ლიდერი ქვეყნიდან ასოცირების ტრიოში ბოლო პოზიციაზე გადაიყვანა – ბუაძე

ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეუძლებელი შეძლო და საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ლიდერი ქვეყნიდან ასოცირების ტრიოში ბოლო პოზიციაზე გადაიყვანა. მათ წყალს გაატანეს არა მხოლოდ თაობების ბრძოლა და შორმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, არამედ მათივე ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში მიღწეული პროგრესი.

ევროკომისიამ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არის დეოლიგარქიზაცია და პირადად ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყნის მთავარი წინაღობა!

ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა “ქვეყნის პროგრესს ძირი გამოუთხარა.”

ეს უმძიმესი საგარეო პოლიტიკური მარცხი ქართული ოცნების ამ მავნებლობების შედეგია:

– სასამართლოს და პროკურატურის სრულად დამორჩილება და მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება, ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.
– ელიტური კორუფციის აყვავება და დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სააგენტოს არარსებობა, რომელიც ხალხის ფულის ძარცვის შემთხვევებს გამოიძიებს.
– ჩვენი ევროპელი პარტნიორების მუდმივი ლანძღვა, ევროპარლამენტარებისთვის კრიმინალების და მკვლელების მფარველების იარლიყის მიკერება. თან იმ ფონზე, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერაფერს ათქმევინებ რუსეთის სისასტიკეზე უკრაინაში და საქართველოში.
– ორგანიზებულ დანაშაულთან ხელისუფლების შეზრდა და კრიმინალის გავლენის გზრდა სამართალდამცავ უწყებებზე.
– ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერიც ევროკავშირი იყო და ისინი მზად იყვნენ ამ პროექტისთვის დიდი ფინანსური მხარდაჭერა აღმოეჩინათ.
– 5 ივლისის ძალადობის პრო-რუსი ორგანიზატორების დაუსჯელობა და წახალისება.

რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციებმა უკრაინის მიმართ ყველას დაანახა, რომ ქართული ოცნება ამ ომში, სადაც ცივილიზებული სამყარო უსასტიკეს აგრესორს ებრძვის, სინათლის მხარეს არ დგას.

ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს, რადგან ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირშია, სადაც დაცული იქნება თითოეული ქართველის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანებს ექნებათ ღირსეული ჯანდაცვა, განათლება, პენსია და რაც მთავარია, უსაფრთხოება!

20 ივნისს ყველა უნდა გავიდეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არის დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი!”,- წერს საბა ბუაძე

banner
წინა სტატიაშიაგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივი თემატური მოკვლევის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს
შემდეგი სტატიაევროკომისიის შეფასება არის პირველი დოკუმენტი, სადაც რეალურად აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა – მაკა ბოჭორიშვილი