ევროკომისიის შეფასება არის პირველი დოკუმენტი, სადაც რეალურად აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა – მაკა ბოჭორიშვილი

ევროკომისიის შეფასება არის პირველი დოკუმენტი, სადაც რეალურად აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის შეფასება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ორი მიმართულებით.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის გეოპოლიტიკური რეალობა, რაშიც გადაწყვეტილების მიღება უწევს ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს.

„ერთი, რომ მასში ძალიან კარგად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ნათქვამია, რომ საქართველო საუკეთესოდ ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ამავე დროს ჩამოთვლილია ის რეფორმები და გზამკვლევი, რაც საქართველომ უნდა გაატაროს. ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც რეალურად, აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება ეტაპებს და იმას, რომ დღეს მოლდოვას და უკრაინას აყენებენ ნახევარი ნაბიჯით წინ საქართველოსთან მიმართებაში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის გეოპოლიტიკური რეალობა, რაშიც გადაწყვეტილების მიღება უწევს ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, გეოგრაფია კიდევ ერთხელ არის შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ ჩვენი ევროინტეგრაციის ისტორიაში არაერთხელ ვიხილეთ, ეს იყო ჯერ 2003-2005 წლებში, შემდეგ იყო ვიზალიბერალიზაცია. ასევე ასოცირების შეთანხმების გახსნა და გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2008 წელს იყო მიღებული, თუმცა ხელმოწერა ერთდროულად იყო მიღებული. ასე, რომ თუ ისტორიას გადავხედავთ, ეტაპების ნახევარი ნაბიჯით წინ თუ უკან გადადგმას საბოლოო შედეგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ რეფორმებს, რასაც ქვეყანა გაატარებს. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ის, რომ საქართველოს შეუძლია გზამკვლევების კარგად შესრულება და დარწმუნებული ვარ, რომ იმავე შედეგებით ძალიან მალე ერთნაირ შედეგს ვნახავთ სამივე ქვეყნისთვის, როცა ევროკავშირში რეალურად გაწევრიანებაზე ვისაუბრებთ. რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას, ვიდრე ქართული საზოგადოება იქნება ერთმანეთის გადაბრალების რეჟიმში, რომ ვიღაც რაღაცას არ აკეთებს ან ჩვენი საქმე ვიღაცამ უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, შეუძლებელი იქნება იმ შედეგს მივაღწიოთ, რაც სათითაოდ ყველას გვინდა. საუბარია ერის კონსოლიდაციაზე ეროვნული მიზნების გარშემო. აქ ასევე საუბარია დეპოლარიზაციაზე, როგორც შემაფერხებელ გარემოებაზე, მოგეხსენებათ, რომ ეს ვერაფრით მოხერხდება ცალმხრივად ან რომელიმე ერთი პოლიტიკოსის მიერ. ეს არის ის პროცესი, რომელიც ერმა და საზოგადოებამ ერთად უნდა გაიაროს. რაღაც მომენტში ყველას პასუხისმგებლობაა იმ შედეგებზე, რასაც მიაღწევს. ევროკომისიის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს ევროინტეგრაციის პროცესის გზაზე. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მიდგომა მისასალმებელია, თუმცა ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ერთ-ორ დღეში მიღწევადი მიზანი. ალბათ, ყველაზე სწორი იქნება მოთმინებით და ჩვენი შრომით მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც საქართველოს სურს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეუძლებელი შეძლო და საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ლიდერი ქვეყნიდან ასოცირების ტრიოში ბოლო პოზიციაზე გადაიყვანა – ბუაძე
შემდეგი სტატიარეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა