ბიძინა ივანიშვილი: ოთხი წელიწადი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხარისხობრივად შეიცვალოს დევნილების მდგომარეობა რუსთავში

არამგონია, შემდგომი ოთხი წელი ეყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების სრულად აღმოფხვრას, თუმცა საბავშვო ბაღების პრობლემები დიდი ალბათობით უნდა გადაიჭრას,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქვემო ქართლში უსახლკაროთა მძიმე მდგომარეობას და რუსთავში საბავშვო ბაღების სიმცირეს ეხებოდა.

„მოლოდინი იყო გადაჭარბებული. არამგონია, რომ შემდგომი 4 წელიწადი ეყოფა რომ სრულად აღმოიფხვრას სოციალურად დაუცველების პრობლემები, საბავშვო ბაღების პრობლემები დიდი ალბათობით უნდა გადაიჭრას და ამაზე საუბარი აღარ იქნება შემდგომ ოთხ წელიწადში. ძალიან ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით და პრინციპული გარდატეხა და გარდაქმნები მოხდა, თუ გინდ დევნილებთან დაკავშირებით. ნახეთ, სამინისტრომ რა რესურსები დახარჯა, რა კეთდებოდა და რა კეთდება დღეს, მაგრამ ის, რომ ოთხ წელიწადში ეს გადაიჭრებოდა და ეს პრობლემა პრინციპულად გადაწყდება და საქართველოში ყველას ეშველება, მე არასდროს მითქვამს“,- განაცხადა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“, რომელიც ამჯერად რუსთავიდან გავიდა ეთერში.

მისივე თქმით, რუსთავში ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ოთხი წელი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხარისხობრივად შეიცვალოს დევნილების მდგომარეობა.

„ახლავე გეუბნებით, რომ შემდგომ ოთხ წელიწადშიც აქ კიდევ დარჩება პრობლემები, მაგრამ ეს ოთხი წელიწადი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ხარისხობრივად შეიცვალოს დევნილების მდგომარეობა და საბავშვო ბაღებზე აღარ იქნება ასეთი სიტუაცია. რუსთავი ამ მხრივ, სამწუხაროდ, გამორჩეულია, ძალიან ბევრი პრობლემაა. საბავშვო ბაღების ნაკლებობა მთელს საქართველოში შეიმჩნევა. ბიუჯეტი გაიზარდა რამდენჯერმე სოციალური დახმარების მხრივ და ნახეთ ციფრები, რომელი მიმართულებითაც გნებავთ, მაგრამ ჩვენი მწირი ბიუჯეტი ყველა ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდა“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიილია ჭავჭავაძის საფლავზე სარესტავრაციო სამუშაოები იწყება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს