ბენ ჰოჯესი – რუსეთის მოთხოვნების საპასუხო ფურცელზე უნდა ეწეროს, გაიყვანეთ რუსი სამხედროები საქართველოდან, უკრაინიდან, დნესტრისპირეთიდან, შემდეგ შეგვიძლია, კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბროთ

გაიყვანეთ რუსი სამხედროები საქართველოდან, უკრაინიდან, დნესტრისპირეთიდან, შემდეგ შეგვიძლია კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა მოკლე და კონკრეტული მოთხოვნები უნდა ჩამოაყალიბოს, რომლითაც რუსეთს მიმართავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო ერთიანია და ალიანსს ბზარი არ გასჩენია. ნატო-მ კატეგორიულად უარყო რუსეთის ყველა სულელური მოთხოვნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ელოდება წერილობით პასუხს აშშ-დან. პასუხი ერთ ფურცელზე დაეტევა. ამ ფურცელზე უნდა ეწეროს – გაიყვანეთ სამხედრო ძალები საქართველოდან, უკრაინიდან, დნესტრისპირეთიდან და შემდეგ შეგვიძლია, კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბროთ. სულ ეს არის“, – ამბობს ჰოჯესი.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში სავარაუდოდ თებერვლის ბოლოსაა მოსალოდნელი. ჰოჯესის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი რისკის უმაღლეს ზღვარზე მოქმედებს.

„პესიმისტურად ვარ განწყობილი. ველოდები რუსეთის ახალ იერიშს, რომელიც პეკინში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე დაიწყება. ეს ალბათ იქნება შეზღუდული ამოცანების შესრულებაზე გათვლილი თავდასხმების სერია და არა ერთი დიდი მასშტაბური შეტევა. ასეთი წინათგრძნობა მაქვს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ახლა რისკის უმაღლეს ზღვარზე მოქმედებს. პუტინი ზედმეტად თავდაჯერებულიც კია, რადგან 2008 წლის შემდეგ აგრძელებს საქართველოს ნაწილების ოკუპაციას, რუსეთი რჩება დნესტრისპირეთში, მხარს უჭერს ასადის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში და კვლავაც ოკუპირებული აქვს ყირიმი, დონბასი და ამ ყველაფრის გამო სათანადო სასჯელი არ უგრძნია, რაც ქცევას შეაცვლევინებდა. კრემლის ამოცანაა, უკრაინა ვერასდროს გახდეს დასავლეთის შემადგენელი ნაწილი და არა მხოლოდ უკრაინა, ასევე ბელარუსი, ყაზახეთი, საქართველო“, – აცხადებს ამერიკელი გენერალი.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი – რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა