,,ბატონო ბიძინა, ასეთი შეცდომების გამოსწორებას არც 7 მილიარდი ყოფნის და არც 707 მილიარდი”

„მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო მამუკა ხაზარაძის პოზიციასთან დაკავშირებით. საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი ბიზნესმენი, რომელმაც გაბედა და ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მან საკუთარი ღირსების, პრინციპების დასაცავად თქვა საშიში სიმართლე“, – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მამუკა ხაზარაძის გამოსვლას.

„ეჭვი არ მეპარება, რომ „თიბისი ბანკთან“ ბრძოლის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი „ხელის ბიჭები“ – გახარია და სხვები ამას ახორციელებენ შესაბამისი მექანიზმებით. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ქვეყანაში ნომერ პირველი ბანკირი შს მინისტრს პირდაპირ ხელს ადებს შანტაჟში, მუქარასა და რეპუტაციის მიზანმიმართულად შელახვაში. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, უკვე საოცარი სამთავრობო სკანდალი გარდაუვალი იქნებოდა და დადასტურების შემთხვევაში, ეს აუცილებლად დამთავრდებოდა შს მინისტრის გადაყენებით. ასეც უნდა მოხდეს, თუ მართლა სახელმწიფო გვქვია და თავმოყვარეობა გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ხაზარაძის დღევანდელი განცხადების სისწორეში; ასეთ განცხადებებს უსაფუძვლოდ არავინ აკეთებს. როდესაც ის გახარიას მიერ გამოგზავნილ მუქარის წერილს გამოაქვეყნებს, შს მინისტრმა, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს თანამდებობა, თუ მხოლოდ ეს იქნება საკმარისი, რადგან მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენება კი დანაშულია. ვთვლი, რომ შს მინისტრი სასწრაფოდ უნდა მიბრძანდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს იმ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ გახმოვანდა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებიდან უკვე წასულები არიან, მთავარია, ეს პროცესი საზოგადოებისთვის უმტკივნეულოდ გაფორმდეს.

„ბატონო ბიძინა, როდესაც გადაწყვეტთ, რომ ყველაფერი იყიდოთ და ჯიბეში ჩაიდოთ, ამაზე აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის. ასეთი მოქმედებები ცუდად მთავრდება და გონს მოსვლის გარეშე ნეგატიურ შედეგებს თავიდან ვერ აიცილებთ. გონს მოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დაამთავრებთ იმაზე ცუდად, ვიდრე თქვენმა წინამორბედებმა. მე ამას ნამდვილად არ გისურვებდით. ბატონო ბიძინა, ასეთი შეცდომების გამოსწორებას ვერც 7 მილიარდი ეყოფა და ვერც 707 მილიარდი“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას “დემოკრატიული მოძრაობა” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ჩართულობა რეკეტში,” – ოპოზიცია სესხების ჩამოწერაზე ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიადღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს მართავენ არა ოფიციალური ინსტიტუტები, არამედ ყაჩაღები