ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია BAHADIR KUL ARCHITECTS-ის პროექტით აშენდება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია BAHADIR KUL ARCHITECTS-ის პროექტით აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა. სტადიონის პროექტის დეტალები საზოგადოებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად წარუდგინა.
“ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მშენებლობის დაწყება და ის წარიმართოს საერთაშორისო სტანდარებით. კომპანიამ გაითვალისწინა ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა და ჩვენი გათვლით, აპრილში დაიწყება მშენებლობა და დაახლოებით, 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი, დაახლოებით, 2018 წლის ბოლოს აშენდება”, – განაცხადა დავით ბალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა. ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო ამ მიმართულებით კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, პროექტის ღირებულება და ვიზუალური მხარე.
როგორც ბალაძემ აღნიშნა, კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნსა და ა.შ
“სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფა-ს სტანდარტებით აშენდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა საფეხბურთო მატჩებისა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარება, რაც ტურისტული ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს. სტადიონის ტრიბუნების ქვედა სივრცეში კომერციული ობიექტები განთავსდება, რაც სამომავლოდ ტერიტორიას განავითარებს და საზოგადოებრივად აქტიურს გახდის”, – განაცხადა დავით ბალაძემ.
საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12 984 000 მლნ ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება.
პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება – ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
სტადიონის პროექტის პრეზენტაციას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი, კომპანიის მფლობელი ბაჰადირ კული და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ნაკრძალი 80 წლისაა
შემდეგი სტატია,,ეჭვი მაქვს, დღეს რიმას მძიმე საღამო ექნება”