ბორჯომის ნაკრძალი 80 წლისაა

ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 80 წლისაა. როგორც “თაიმერს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის 80 და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში იუბილესადმი მიძღნვილი ფოტო-გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე სამოყვარულო ფოტო-კონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრები და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ისტორიის ამსახველი საარქივო ფოტოები იყო წარმოდგენილი.
მოწვეულ სტუმრებს გიგლა აგულაშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ეკოტურიზმის განვითარება რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავალის ზრდას უზრუნველყოფს. დღესვე, მინისტრმა ეროვნული პარკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დონორ ორგანიზაციებსა და პარკის თანამშრომლებს მადლობის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საჩუქრები ფოტო-კონკურსისა და ნომინაციაში “წლის ვიზიტორი” გამარჯვებულ ქართველ და უცხოელ ტურისტებსაც გადაეცათ.
უწყების ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, რომელიც ველური ბუნებისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიანკარა მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ რუსეთში
შემდეგი სტატიაბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია BAHADIR KUL ARCHITECTS-ის პროექტით აშენდება