ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს “თავისუფალი დემოკრატები” აპროტესტებენ

“თავისუფალი დემოკრატების” ბათუმის ოფისში აცხადებენ, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კანონის დარღვევით მიმდინარეობს.

ფრაქციის თავმჯდომარე კობა ჩხეიძე აცხადებს, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბულვარის ტერიტორიაზე სამუშაოები მესაკუთრის, ანუ ბათუმის მერიის ნებართვის გარეშე დაიწყო.

„თავისუფალი დემოკრატები“ ქალაქის მერ გიორგი ერმაკოვს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ სამართლებრივი ზომების გატარებისა და უკანონოდ გაცემული სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობისკენ მოუწოდებენ. ისინი კომპანია „ბათუმის ბულვართან“ გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების გაუქმებასაც მოითხოვენ, რის შემდეგაც ბულვარი ადგილობრივ თვითმმართველობას დაუბრუნდება.

“ბათუმის ბულვარის გარშემო მიმდინარე პროცესები საზოგადოებაში, ბათუმელებში საპროტესტო განწყობებს იწვევს. საზოგადოების მთავარი ინტერესი ობიექტური ინფორმაციაა, რომელიც ხელოვნურად დაფარულია. სწორედ ამიტომ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ვაცხადებთ, რომ: 1. ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება უკანონოდ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები არის მე-3 კლასს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობა, ამ დონის მშენებლობა კი საქართველოს კანონმდებლობით ითვალისწინებს ბათუმის მინიციპალიტეტის (როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს) აუცილებელ ჩართულობას. აქედან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უნდა მოეწვია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო უნდა ჩართულიყო სამშენებლო ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რაც არც სააგენტოს და არც მერიის მიერ არ განხორციელებულა. 2. ბულვარის ტერიტორია არის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება, რომელიც უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა სსიპ “ბათუმის ბულვარს”. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მშენებლობის ნებართვის გაცემისას უნდა ჰქონოდა მესაკუთრის – ბათუმის მერიის თანხმობა, სააგენტომ კი ბათუმის მერიის თანხმობის გარეშე გასცა აღნიშნული მშენებლობის ნებართვა”, – აცხადებს კობა ჩხაიძე.

საკითხთან დაკავშირებით, მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა. მირანდა ჩარკვიანი “თავისუფალი დემოკრატების” მოსაზრებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშისანიკიძე, გიორგაძე, ხადური, ზაქარეიშვილი და მღებრიშვილი- მინისტრები პოსტებს ტოვებენ?!
შემდეგი სტატია“თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან უსაგნო პოლიტიკურ დებატებში შესვლას”