ბაგების დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს

პანდემიისაგან შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთიდან დევნილთა ცალკეული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ბევრი მათგანი უკავშირდება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და დახმარებას თხოვს.
ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ უკვე არა ერთი ჰუმანიტარული დახმარების აქცია განხორციელდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქის კომპაქტურ განსახლებებში მცხოვრებთათვის. სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები მიაქვთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისათვის.
გუშინ საღამოს ამანათები გადაეცათ თბილისში, ბაგების დასახლებაში, ე.წ. სტუდქალაქის მე-4 და მე-5 კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, მარტოხელებს, პენსიონერებს, ომის ვეტერანებს, მთლიანობაში 19 ოჯახს. დევნილებს პროდუქტები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, თეიმურაზ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა მიუტანეს.
პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების აქციებისათვის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით არის შეძენილი.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრები მსგავსი დახმარების აქციას მომავალშიც გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : გაყალბებები, მასობრივი მოსყიდვები „ქართულ ოცნებას“ აღარ გაუვა, ამისთვის არიან მომზადებულნი ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან