ავსტრიული მედია – საქართველო – ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი!

ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს.

„გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023 მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“, – სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი საჰაერო კავშირები.

„ავსტრია საქართველოსთვის ახალ ტურისტულ სამიზნე ქვეყნად ითვლება. დედაქალაქ თბილისში 2024 წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზები კვირაში სამჯერ განახორციელებს პირდაპირ ფრენებს – განაცხადა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკა მაღრაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.

„საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, ოქროს მოპოვებისა და ტექსტილის დამუშავების ისტორიით, ქრისტიანობის დასაყრდენად ითვლება და დიდი მონარქიული ისტორია აქვს“.

ავსტრიული გამოცემა საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და ტურიზმიდან მიღებულ რეკორდული შემოსავლის შესახებ წერს.

„ტურიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელი 2022 წლიდან გახლავთ მაია ომიაძე. ეს სფერო საქართველოს ეკონომიკაში შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. პანდემიის დაწყებამდე საქართველოში რეკორდული, 9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა. 2023 წელს საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლების რაოდენობამ 7,2 მილიონს მიაღწია, მათგან 6,17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გახლდათ.

ტურიზმის შემოსავალმა 2023 წელს რეკორდული 4,47 მილიარდ ევრო შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. გამტარუნარიანობის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 6,01 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ. 2019 წელთან შედარებით ეს 15,4%-ით მეტია“.

სტატიაში აღწერილია საქართველოს საზღვაო, ზამთრის და სპა კურორტები, იუნესკოს ძეგლები და დაცული ტერიტორიები, ასევე ქართული სამზარეულო.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის უპასუხისმგებლობა, როდესაც გაექცნენ პასუხებს კითხვებზე
შემდეგი სტატიასანქტ-პეტერბურგის მცხოვრები “კროკუს სითი ჰოლში” თავდასხმის შესახებ პოსტებისთვის დააკავეს