ავსტრიის ვიცე-კანცლერთან დაკავშირებული სკანდალი ვენელი იურისტის წამოწყებული იყო

სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სადაც ავსტრიის ვიცე-კანცლერი რუსი ოლიგარქის ნათესავს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების სანაცვლოდ ავსტრიის სახელმწიფო სტრუქტურებში მონაწილეობის მიღებას პირდება, გაირკვა, რომ ყველაფერი ვენელი იურისტის მოწყობილია. “პროექტი მოტივირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებით და ის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარდა” – ნათქვამია იურისტ მარინ მ-ის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მარინ მ-ი არის ის პირი, ვინც ფარული ვიდეოთვალთვალი აწარმოა. ის წარმოშობით ირანელია, მაგრამ ავსტრიის მოქალაქეა – “დოიჩე ველე” წერს.

18 მაისს ავსტრიის ვიცე-კანცლერი, ჰაინც-კრისტიან შტრახი თანამდებობიდან გადადგა. მისი ეს ნაბიჯი უკავშირდებოდა 17 მაისს გავრცელებულ სკანდალს, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მასალები Süddeutsche Zeitung-მა და Spiegel-მა გამოაქვეყნეს. გავრცელებულ ვიდეოფირზე გადაღებულია შტრახესა და “მდიდარი რუსის” შეხვედრა იბიცაზე. შეხვედრას ვიცე-კანცლერის გარდა ესწრებიან მისი თანამებრძოლი და პარლამენტში პარტია FPÖ-ს ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი და მისი მეუღლე, უცნობი მამაკაცი და ქალი, რომელიც ძირითადად, რუსულად და ინგლისურად საუბრობს.

ავსტრიელებს რუს ქალს აცნობენ, როგორც ალიონა მაკაროვას, რომელიც პუტინის წრიდან ერთ-ერთი ოლიგარქის ძმისშვილია და რომელსაც, თითქოს სურვილი აქვს მილიონობით ევრო ჩადოს ავსტრიაში. შეხვედრის ადგილას, როგორც გაირკვა, ძალიან ბევრი ფარული კამერა იყო დამონტაჟებული, თვითონ რუსი კი “სატყუარა” იყო.
რუსი ქალი ავსტრელ პოლიტიკოსს და მის კომპანიონს პირობას აძლევს, რომ ვენის გაზეთ Kronen-Zeitung-ის 50%-ს იყიდის, რომ გაზეთიდან ვიცე-კანცლერის პარტიის ხაზის გატარება მოხდეს. საპასუხოდ კი, ქალი “ურთიერთგაგებას” ითხოვს.

შეხვედრა 7 საათი გრძელდებოდა. შტრახი, რუსული მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქალს საეჭვო წინადადებას სთავაზობს. სხვა მრავალთა შორის, ის ამბობს, რომ FPÖ-ს მთავრობაში მონაწილეობის შემთხვევაში, ავსტრიული სამშენებლო კომპანია Strabag ვეღარ მიიღებს სახელმწიფო შეკვეთებს და ყველა შეკვეთა რუსებთან გადავა. გარდა ამისა, ვიცე-კანცლერი რუს ქალს ასწავლის თუ როგორ უნდა აუაროს გვერდი ავსტრიულ კანონებს.

შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმებები არ მიუღიათ. თუმცა, მხარეებმა კონტაქტის გაგრძელება დათქვეს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი გარეჯის თემაზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია„ეს დღე ჩვენია“ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში