ავსტრიის პრეზიდენტი – მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას, მის შესაძლო გაერთიანებას ევროკავშირში, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალექსანდერ ვან დენ ბელენმა აღნიშნა, არსებობს ოპტიმიზმისთვის საფუძველი, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და ევროკავშირთან დაახლოება, არ არის საკამათო საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„როგორც მოგეხსენებათ, ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არის ნატო-ს წევრი, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირში, მაგრამ ნატო ჩვენი გავლენის სფეროს გარეთ არის მოქცეული. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას, მის შესაძლო გაერთიანებას ევროკავშირში. ისევე როგორც დანარჩენი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩვენც ვაკვირდებით საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. ჩვენ გვაქვს იგივე შეკითხვები, როგორიც სხვებს. ეს გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება, ყველა ის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებამდე უნდა გადაწყდეს. ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი საქართველოს ამ სურვილის მიმართ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის შიდა სიტუაცია, რომელიც გაფართოების დაღლილობით გამოირჩევა. თუკი თქვენ დასავლეთ ბალკანეთის განვითარებას მიაქცევთ ყურადღებას, იმ ექვს ქვეყანას, იქაც ეს პრობლემა არსებობს, თქვენ ნუ დაკარგავთ იმედს. მგონია, რომ ძალიან გონიერი იდეა არის 2-3-4 წლის მერე დააყენოთ ფორმალური განაცხადი და იქამდე შეეცადოთ ევროკავშირის სტანდარტების შესრულებას. პრინციპში არსებობს ოპტიმიზმისთვის საფუძველი, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და ევროკავშირთან დაახლოება, არ არის საკამათო საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის“, – განაცხადა ბელენმა.

წინა სტატიაშიკამათი პარლამენტში – სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტებში დაბარებული მინისტრები არ მიდიან
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველგან არის დაძაბულობა პარტიებს შორის, ეს ქმნის მართვის პრობლემას