ავრცელებს თუ არა განათლების სამინისტრო ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას?!

განათლების სამინისტრო ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს – ამის დამადასტურებელი მტკიცებულებას “კურიერი” ავრცელებს

სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აღმოჩნდა კონკრეტული დარღვევები და რომ ეს შენიშვნები სამეურვეო საბჭომაც გაიზიარა.

თუმცა, სამეურვეო საბჭოს საბოლოო დასკვნის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ იქ მსგავსი არაფერი წერია. მეტიც, საბჭოს წევრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ინსპექტირების ჯგუფის მიგნებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები ან ტყუილს ავრცელებენ ან რაღაც ფაქტების დამალვას ცდილობენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სკოლაში გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები სამეურვეო საბჭომ გაიზიარა.

„სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს, დარღვევებისა და გადაცდომის შესახებ, თუმცა, დირექტორს შეუნარჩუნდა თანამდებობა. ასევე, არც განათლების სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა დირექტორის გათავისუფლება,“ – განაცხადა ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა.

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებას სრულად ეწინააღმდეგება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, რომელსაც 5 წევრი ესწრებოდა. ოქმის მიხედვით სწორედ ისინი არ დაეთანხმნენ გამოვლენილ დარღვევებს, რასაც შესაძლოა, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლება გამოეწვია.

სამეურვეო საბჭოს ოქმში აღბეჭდილია ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ სკოლის ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებით სკოლის ექიმთან ერთად მუდმივად ახორციელებდა მონიტორინგს და ინსპექციის მიერ აღწერილი ფაქტი არ დაუფიქსირებია.

„კერძოდ, საპირფარეშოში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო წყლის დეფიციტით, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ მთელი რეგიონის პრობლემაა,“ – აღნიშნულია ოქმში.

პედაგოგები წყლის პრობლემასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა მთლიანად რეგიონს აწუხებს და ამის გადაჭრა დირექტორს არ შეეძლო.

პედაგოგები მიუთითებენ, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ინსპექტირება ჩატარდა სკოლაში, ამ დროისთვის ია კერზაიას უკვე დარეკილი ჰქონდა შესაბამის სამსახურში, რათა სკოლაში დამატებითი წყალი შეეტანათ. მასწავლებლების თქმით, სწორედ ამ დროს განხორციელდა ინსპექციაში ანონიმური ზარი.

პედაგოგების თქმით, მსგავსი პრობლემის წინაშე სკოლა ამ დრომდე არ დამდგარა და მათი განმარტებით, ამ შემთხვევას დირექტორის გათავისუფლების საკითხი არ უნდა დაეყენებინა დღის წესრიგში.

დღესვე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა პოლიტიკური ძალები საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.

განათლების სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას ასევე გამოეხმაურა ია კერზაიას შვილი და აღნიშნა, რომ საკითხის პოლიტიზირებას სწორედ ხელისუფლება ახდენს. ბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ ეს იყო დედამისის პოლიტიკური შეხედულებების გამო წინასწარ დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ბუცხრიკიძე – „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში, საუბარია საერთო ჯამში 120 მლნ ლარის პრობლემურ სესხზე
შემდეგი სტატია“რუსულ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მარტო ამ ორგანიზაციის საქმე” – გრიგოლ ვაშაძე სოფელ ატოცში ჩავიდა