აუდიტის დასკვნა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც წევრები არ ჰყავს

სახელწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობა (2018-2019) შეისწავლა და ანგარიში  გამოაქვეყნა.

აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ფულს უხდის ანსამბლ “აისელებს”, რომელშიც წევრები არ ირიცხებიან.

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19 თვე)” – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე, მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა საკადრო პოლიტიკა, ასევე, განსაზღვროს, რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

“მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შტატით დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრეზიდენტი: შესაძლებლობა გვაქვს, რომ „ასტრაზენეკას” დაგეგმილი ექსპორტი ავკრძალოთ
შემდეგი სტატიაროგორ უთვალთვალებდნენ „ოცნების“ ლიდერები ერთმანეთს და ვინ გასცა 20 ბივნისის ბრძანება?