ასლან ბჟანია – დიახ, დამოუკიდებლობა დავიმსახურეთ, მაგრამ ვიყოთ რეალისტები – მოგვიწევს, სუვერენიტეტის ნაწილი დავთმოთ

“აფხაზეთსა და რუსეთს ერთობლივი უფლებამოსილების საკითხები გააჩნიათ” – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს აფხაზური “პარლამენტის” წევრების ნაწილთან შეხვედრისას.

«სახელმწიფო საზღვრის დაცვა, მათ შორის საზღვაოსი – ეს სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. მაგრამ ჩვენი შესაბამისი ქვედანაყოფები მრავალი წელია, ჩვენს საზღვაო საზღვრებს არ იცავენ, რადგან ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. 2008 და 2014 წელს გაფრმებული შეთანხმებებით ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ არსებობს ერთობლივი უფლებამოსილების საკითხები, რომლებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთობლივად ვახორციელებთ. ჩვენ რუსეთში ერთობლივი უფლებამოსილების საკითხები არ გვაქვს, არ ვიცავთ რუსეთის საზღვრებს რუს მესაზღვრეებთან ერთად, ისინი ამას თავად ახორციელებენ. ერთობლივი უფლებამოსილების საკითხი უშუალო კავშირშია, მათ შორის, სუვერენიტეტთან. ჩვენ არ ვახორციელებთ დამოუკიდებელ საფინანსო პოლიტიკას, არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი ფინანსური ერთეული, ვერ ვახორციელებთ ფულის ემისიას, არ გაგვაჩნია ამის შესაძლებლობა. და ეს უფლებამოსილებებიც რუსეთს გავუნაწილეთ. იგივე ეხება აფხაზეთის უსაფრთხოების დაცვას. შემიძლია, კიდევ გავაგრძელო ჩამონათვალი იმ ასპექტებისა, რომლებიც მქონდა მხედველობაში, როცა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობაზე ვსაუბრობდი», – განაცხადა ბჟანიამ.

მან პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის – ვლადისლავ არძინბას რამდენიმე ფრაზაც მოიშველია:

«ვლადისლავ არძინბა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფოს საფუძველში დევს, უპირველესად, აფხაზი ხალხის ნება და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა. ამ ორი შემადგენელის გარეშე აფხაზური სახელმწიფოს არსებობა ძალზე პრობლემური იქნება. როცა სამხედრო უსაფრთხოების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ამ ფაქტორებს. არასწორად მიმაჩნია, რომ არ გამოვყავით რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა ოჩამჩირეს რაიონში ერთობლივი სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის – პირადად ჩემი აზრით, აქ დიდი შეცდომა დავუშვით. ყველას მოვუწოდებ, ვიყოთ რეალისტები და მოვლენები ვაფასოთ არა ისე, როგორც გვსურს, არამედ ისე, როგორიცაა რეალურად” – აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბჟანიამ აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხში რუსეთის როლს გაუსვა ხაზი.

«იმისათვის, რომ დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფო შემდგარიყო, უამრავი ჩვენი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენს სახელმწიფოს მუდმივად უწევდა მხარდაჭერას რუსეთი, რომელიც სადღეისოდ ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. რა, ჩვენი აღიარება მხოლოდ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის წყალობით მოხდა? ამაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წვლილს ვერ ვხედავთ? შეგვიძლია, ჩავატაროთ სპეციალური სამეცნიერო კონფერენცია და მოხარული ვიქნები, თუ მის ფარგლებში საკითხის უფრო დეტალური, სიღრმისეული განხილვა გაიმართება. დიახ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ჩვენ დავიმსახურეთ და უფლება გვაქვს, ვიყოთ დამოუკიდებლები. თუმცა ფაქტად რჩება ის, რომ 2008 და 2014 წლებში ჩვენ ნებაყოფლობით განვსაზღვრეთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რიგი სფეროები ერთობლივი უფლებამოსილების სფეროებად», – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ამასთან, ბჟანიამ მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, “პოლიტიკური მიზნებისთვის კონტექსტში ფაქტების დამახინჯებას მოეშვან”.

«მე მაქსიმალურად ღიად ვსაუბრობ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის. ჩვენ სწორი ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ რუსეთის ფედერაციასთან, აფხაზეთის ტერიტორიაზე მყარი მშვიდობა უზრუნველვყოთ და განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა», – დასძინა “პრეზიდენტმა”.

მანამდე ვეტერანთა გაერთიანებულ საბჭოში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, სახალო-პატრიოტულ კავშირში კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ბჟანიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრნენ მის მიერ ამასწინათ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც ასე ჟღერდა:

«საინტენგრაციო პროცესები სხვაგვარადაც შეგვიძლია, მოვიხსენიოთ – არააბსოლუტურ სუვერენიტეტად. ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი და ამაში ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ, არსობრივად, ჩვენ ის უკვე დავთმეთ: ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რუბლის ზონას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებშიც ბევრი რამაა უკვე გაკეთებული, კიდევ ბევრია გასაკეთებელიც … ამაში მხოლოდ პლუსებს ვხედავ, რადგან ძვირი სიამოვნებაა, თავად შევინახოთ თანამედროვე შეიარაღებული ძალები».

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ოპოზიცია თუ დააყენებს საკითხს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ იქნება შერიგების საკითხი
შემდეგი სტატიააფხაზი ვეტერანები – არათუ ვთავაზობთ ხელისუფლებას, არამედ უკვე მოვითხოვთ საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონებას!