აფხაზი ვეტერანები – არათუ ვთავაზობთ ხელისუფლებას, არამედ უკვე მოვითხოვთ საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონებას!

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერები, რომელთაც სწამთ, რომ აფხაზეთის ყველა პრობლემის ძირი იმ კორუმპირებული ჩინოსნების განუსაზღვრელ ძალაუფლებაშია, რომლებმაც “ხალხს გამარჯვება მოპარეს”, გეგმავენ, პუტინს ადგილობრივი ეკონომიკის ჩრდილიდან გამოყვანაში დახმარება სთხოვონ

აფხაზეთში, რომელიც არცთუ ხშირად ხვდება რუსული მედიის ყურადღების ცენტრში და ისიც – მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში (მორიგ საარჩევნო სკანდალებთან, საპროტესტო აქციებთან, გახმაურებულ დაპატიმრებებთან და შეიარაღებულ გარჩევებთან დაკავშირებით), გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მიზნად დაისახეს, შეცვალონ წარმოდგენა რესპუბლიკაზე, როგორც “კორუფციისა და კრიმინალის ბუდეზე, რომელიც ტვირთად აწევს რუსეთს”. ნოემბრის ბოლოს საქართველოსთან 1992-93 წ.წ. ომის (რესპუბლიკაში მას “აფხაზი ხალხის სამამულო ომად” მოიხსენიებენ – რედ.) ვეტერანთა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება იმის კონსტატაციით, რომ ბოლო თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებას აფხაზეთის წინაშე მდგომი არცერთი პრობლემა არ გადაუწყვეტია და საბოლოოდ გაუცრუა იმედები მოქალაქეებს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. განცხადების ავტორები შექმნილი სავალალო მდგომარეობის მიზეზებს იმაში ხედავენ, რომ აფხაზეთის პატრონი სადღეისოდ არა ხალხია, რომელმაც დამპყრობელი დაამარცხა, არამედ უნამუსო კორუმპირებული ჩინოსნები, რომლებიც იმ ომის დროს რუსეთში ისხდნენ. ვითარების გამოსასწორებლად ვეტერანები, რომლებიც დღემდე პოლიტიკისგან ყოველმხრივ დისტანცირდებოდნენ, გეგმავენ, 2022 წლის დასაწყისშივე ჩამოაყალიბონ “სამამულო ომის ვეტერანთა გაერთიანებული საბჭო”, რომელშიც (და ეს ახალი მოძრაობის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია) შევლენ ქართველებთან ბრძოლების მონაწილეები არა მარტო აფხაზეთიდან, არამედ რუსეთიდანაც, რაც ამ მოძრაობას საერთაშორისო ხასიათს შესძენს. წარმატების შემთხვევაში პროექტი იქცევა “მესამე ძალად” და გამოწვევად როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის, რომლებიც, ვეტერანების ხედვით, ერთი და იგივე გველეშაპის ორ თავს წარმოადგენენ.

პარტიული მშენებლობის ინიციატივებით აფხაზეთის მოსახლეობას ძნელად თუ გააკვირვებ. რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობა მოსკოვის გარეუბან მიტიშჩისაზე ნაკლებია, 15-მდე პარტია და მოძრაობაა რეგისტრირებული. ამასთან, დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში მათი რაოდენობა ხარისხში ვერა და ვერ გადაიზარდა, რადგან ყველა მათგანი უძლური აღმოჩნდა, საკმაოდ დამაიმედებელი პოტენციალის მქონე რესპუბლიკის ეკონომიკა აეშენებინა.

მაინც რითაა გამორჩეული ვეტერანების ინიციატივა? არსებული პარტიებისგან განხვავებით, რომლებიც კონკრეტული ფიგურებისთვის – მათი მერკანტილური ამოცანების გადასაჭრელად იქმნებოდა, აქ ინიციატივა ქვემოდან მოდის. ასე ხდება, როცა საზოგადოება ითმენს, ითმენს, ერთ მშვენიერ დღეს კი ამბობს – “კმარა!” და ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში იღებს.

იმას, თუ რატომ ერქმევა აფხაზი ვეტერანების მიერ ჩამოსაყალიბებელ საბჭოს “გაერთიანებული”, საინიციატივო ჯგუფის წევრი, წინააღმდეგობის რაზმის ყოფილი მეთაური ვიანორ აშბა განმარტავს:

“როცა კრიტიკული ვითარება გვქონდა, დასახმარებლად ჩვენი ძმები მოვიდნენ რუსეთის სხვადასხვა ოლქებიდან, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის 170-მა რუსმა გაწირა თავი და ჩვენი რით გადავუხადეთ? – არაფრით! ამიტომაა ჩვენი საბჭო გაერთიანებული. ვთვლით, რომ ვინც აფხაზეთისთვის იომა, უნდა გაერთიანდეს ჩვენს მოძრაობაში, ჰქონდეს აფხაზეთის მოქალაქეობა და მიწის ნაკვეთი”.

აფხაზეთის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოსთან ომის ვეტერანები – ისინი, ვინც შეაჩერა დამპყრობელი ჯერ სოხუმში, წითელ ხიდთან, ხოლო შემდეგ კბილებით იცავდა გუმისთას, ვინც იბრძოლა და გაიმარჯვა, დღეს პოლიტიკიდან მოსროლილია. ისინი არ არიან წარმოდგენილები მმართველობით სტრუქტურებში, სადაც ყველა წამყვან თანამდებობაზე ის პირები ან/და მათი შთამომავლები თუ ნათესავები სხედან, რომლებიც ქართველების შემოჭრის პირველივე წუთებში გაიქცნენ მოსკოვში, სოჭში, კრასნოდარში.

თუმცა ვეტერანები ამას ალბათ, როგორმე შეეგუებოდნენ, აფხაზეთის ამჟამინდელი – უომარი ხელმძღვანელობა რომ ეფექტური და პატიოსანი აღმოჩენილიყო. მაგრამ არა…

ოჩამჩირეს რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი, ომის ვეტერანი გივი დოპუა ამბობს:

“ჩვენი პირველი პრეზიდენტი ვლადისლავი [არძინბა – რედ.] “უაზიკით” გადაადგილდებოდა, მხოლოდ მძღოლის თანხლებით, ყოველგვარი დაცვის გარეშე დადიოდა ბაზარში. ახლა კი ჩვენი ჩინოსნები ლიმუზინებითა და ბაიდენისაზე დიდი დაცვის თანხლებით მოძრაობენ! შეიარეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან მთავრობის ნებისმიერ კაბინეტში: თითოეულში 40-მდე კაცი ზის და რითაა დაკავებული, გაუგებარია. აფხაზეთის შრომისუნარიანი მოსახლეობის 45%-ზე მეტი საბიუჯეტო სფეროშია დასაქმებული, მათი მცირე ნაწილი ექიმები და პედაგოგებია, ყველა დანარჩენი კი – ჩინოსანი! რაიმე მცირე სარგებელს მაინც იღებდეს მათგან რესპუბლიკა, მაგრამ არა! გასული ათწლეულების განმავლობაში ჩინოსნების ამ ჯარს აბსოლუტურად არაფერი შეუქმნია – არც ეკონომიკა, არც ჯანდაცვა, არც განათლება. არადა, მათი ლიმუზინების, დაცვის, აპარატისა და სხვა სიკეთეების შენახცა რესპუბლიკის ბიუჯეტს ძალიან ძვირად უჯდება”.

მაინც რით არიან დაკავებულები ეს “თეთრი საყელოები”? “ღატაკ” აფხაზეთში არსებობს უმთავრესად კრიმინალური ეკონომიკის რამდენიმე სექტორი, რომელსაც ძალუძს, მჭამელთა შეზღუდული რაოდენობა გამოკვებოს. ესაა საქართველოდან კონტრაბანდა, რომელიც რესპუბლიკას სამრეწველო საქონლის 40%-ით უზრუნველყოფს, იმავე საქართველოში აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (თაფლი, ციტრუსები, თხილი) კონტრაბანდა, ასევე აქა-იქ შემორჩენილი სანიტარულ-საკურორტე ობიექტები, რომლებსაც ამ დრომდე იყოფენ კონკურენტი კლანები. სწორედ ამ ეკონომიკური “ნამსხვრევებისთვისაა” გაჩაღებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა “პოლიტიკურ” მეტოქეებს – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს ადგილებს უცვლიან. და ყოველ ამ სექტორს გააჩნია საკუთარი “მამა” მთავრობაში, პარლამენტში და ა.შ.

ზოგადად კი, აფხაზური ჩრდილოვანი კომერციის მოცულობა წელიწადში 3-4 მლრდ რუბლად ფასდება, რაც პატარა ქვეყნისთვის კოლოსალური ოდენობაა.

და რა წინადადებები აქვს ვეტერანთა გაერთიანებულ საბჭოს?

აფხაზეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, ომის ვეტერანი ბენურ კვირაია ამბობს:

“ჩვენ არათუ ვთავაზობთ, არამედ უკვე მოვითხოვთ საქართველოსთან დე ფაქტოდ არსებული ვაჭრობის დაკანონებას. ქართული მხრიდან მომავალი საქონელი ოფიციალურად უნდა გადიოდეს საბაჟო გაფორმებას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში წავა შემოსული თანხები არა კორუფციონერთა ჯიბეებში, არამედ რესპუბლიკის ბიუჯეტში.

ვაპირებთ, დავიწყოთ პირდაპირი და გამჭვირვალე დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთის ფედერაციასთან… აქ სახეზეა რაღაც არასწორი, არაჯანსაღი სიტუაცია. თავად განსაჯეთ: აფხაზეთი რუბლის ზონაშია, რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები, საზღვრის პრაქტიკულად მთელი პერიმეტრი რუსი მესაზღვრეებისთვისაა გადაცემული, ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებულია სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ შეთანხმება. და ბოლოს, რესპუბლიკის ლამის მთელს მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია. ასეთ ვითარებაში ჩვენს ქვეყნებს შორის კომუნიკაცია თითქოს მაქსიმალურად ცოცხალი და ეფექტური უნდა იყოს. მაგრამ რეალურად, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი – ეს, არსობრივად, თრომბია, რომელმაც დიდი ხანია, გაჭედა აფხაზური ეკონომიკის სისხლძარღვთა სისტემა და არათუ არ აძლევს მას განვითარების შესაძლებლობას, არამედ მას უბრალოდ კლავს”.

ავიღოთ თუნდაც ელემენტარული – სამრეწველო და სხვა საქონლის გადაადგილება. კვირაიას თქმით, “ნებისმიერ საქონელს რუსეთიდან 13%-იანი დღგ ედება და ამას აფხაზური კანონმდებლობით, კიდევ 20%-იანი გადასახადი ემატება, ანუ ჯამში გამოდის უკვე 33%, რომელიც ჩანასახშივე კლავს რუსეთთან ვაჭრობის ჩამოყალიბების ნებისმიერ მცდელობას”.

ამასთან, აფხაზური პროდუქციის გასაღების სხვა ლეგალური ბაზარი უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ როგორ აპირებს გაერთიანებული საბჭო ამ უმწვავესი ვითარების გადაჭრას?

– ვგეგმავთ, ხმა მივაწვდინოთ რუსეთის ხელმძღვანელობას, – ამბობენ ბენურ კვირაია, გივი დოპუა და ვიანორ აშბა, – გამორიცხულია, პუტინს ვერ გავაგონოთ. ყველა ქალაქსა და სოფელში სახალხო შეკრებებს გავმართავთ, ხელს მოვაწერთ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომელშიც ჩვენს კრიტიკულ სიტუაციას აღვწერთ. მთელი აფხაზი ხალხის, მთელი აფხაზეთის ხმის უგულებელყოფას პუტინი ვერ შეძლებს.

რაც შეეხება საკუთარ კორუფციონერებს, აქაც გაერთიანებული საბჭო გეგმავს, იმოქმედოს ღიად და გამჭვირვალედ. არავითარი პუტჩები, შეტაკებები და მთავრობის სახლის შტურმები. ამის ნაცვლად – კორუფციის, ჩინოსნების მიერ კონტრაბანდის მფარველობის, უკანონო საქმიანობის ყველა გამოვლენილი ფაქტის დაუყოვნებლივ განსაჯაროება.

– აფხაზეთი არ არის რუსეთი მისი გიგანტური ტერიტორიითა და დროის 11 სარტყელით, – ამბობს გივი დოპუა, – ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც ხელისგულზე. მაგრამ თუ ადრე ხმას არ ვიღებდით, ახლა ხალხის მოთმინების ფიალა გადაივსო.

გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ვეტერანები აფხაზეთში ვითარების გარდატეხას. მეტისმეტად არიან ძალოვანების, საკუთარი კლანებისა და რუსეთის მფარველობით მოსარგებლე სისხლისმწოველები ჩაფრენილები მსუყე ადგილებს. იმ ადამიანების გულწრფელი ჟინი, რომლებიც თავის დროზე აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, მათი სწრაფვა, მიაღწიონ სამართლიანობას, დღეს ბევრს უპერსპექტივო მიამიტობად ეჩვენება. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ აფხაზეთი განსაკუთრებული მიწაა, ღმერთის მფარველობით მოსარგებლე ადგილი და აქ სასწაულებიც ხდება. 1993-ში აფხაზებმა ქართული საბრძოლო მანქანა ხერხემალში გადატეხეს, შემდეგ გაუძლეს ელცინისა და კოზირევის მიერ მოწყობილ ბლოკადას. ეგებ დღეს შიდა ეზოშიც მოახერხეონ წესრიგის დამყარება. ვნახოთ.

banner
წინა სტატიაშიასლან ბჟანია – დიახ, დამოუკიდებლობა დავიმსახურეთ, მაგრამ ვიყოთ რეალისტები – მოგვიწევს, სუვერენიტეტის ნაწილი დავთმოთ
შემდეგი სტატიაასოცირებული ტრიო – კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მზაობა, გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან