აშშ-ის საელჩო: 2003 წლის არჩევნების შესახებ სააკაშვილის განცხადება მცდარია

საქართველოში ამერიკის საელჩოს განმარტებით, “2003 წლის არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მცდარი”. ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში თქვა, რომ აშშ საქართველოს 2003 წლის არჩევნების შედეგების აღიარებასაც სთხოვდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ასე გაგრძელდა ხმის დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. დამატებით, როგორც კი მოხდა შედეგების დათვლა, გაიმართა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო. როდესაც დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაშინვე გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და და ქვეყნის მმართველობასთან მიმართებით. 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ – “ამერიკის შეერთებული შტატები დიდად იმედგაცრუებულია საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულვებელყოფა.
2003 წლის 13 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა, თავის განცხადებაში მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, რათა მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ამჯერად ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდართებთან შესაბამისობაში” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს, 15 ნოემბერს, რუსთავი ორის ეთერში თქვა – “ახლა რომ იძახიან, ამერიკელები და ისინი გვეუბნებიან, აღიარეთო, მაშინ არ გვეუბნებოდნენ? მაშინდელი ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი მეუბნებოდა პირდაპირ – “არ გვინდა ახლა არეულობა”. ჩვენ ხომ მესამე ადგილზე გადაგვიყვანეს, ჯერ დასვეს შევარდნაძე, მერე ასლანი და მერე ჩვენ. უცხოელები მოგვიწოდებდნენ, “არ გვინდა არეულობა, საქართველო დაიშლება, აღიარეთ შედეგებიო”. დავუჯერეთ, თუ რა? ჩემი ქვეყანა იყო, რას ნიშნავს, რომ მეღიარებინა შედეგები? თეთრ სახლში მეგობრები მყავდა, დავურეკე და ვუთხარი – რას აკეთებს თქვენი ელჩი, არ გრცხვენიათ? ამერიკა არ უნდა იყოს გაყალბების წინააღმდეგ, თუ რაზე ვლაპარაკობთ? მიხვდნენ, რომ აღარ ვიხევთ უკან და მერე წამოგვყვა ეს ხალხი”.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გია და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას და ნორა კვიციანის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაპროკურატურა: ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები