პროკურატურა: ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები

მთავარი პროკურატურა განმარტავს იმ მიზეზებს, რომლის საფუძლელზეც „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულთა საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით: გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავეებად ნიკოლოზ ლომინაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლომ უდაო ფაქტად მიიჩნია ის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის იარაღით. ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობის სურათის მიხედვით, კატეგორიულად გამორიცხავს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას – ნიკოლოზ ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობის თაობაზე; გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ.
“ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებს“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: 2003 წლის არჩევნების შესახებ სააკაშვილის განცხადება მცდარია
შემდეგი სტატიაპროკურატურა: ახალი გამოძიებით ნორა კვიციანის უდანაშაულობა დადასტურდა