აშშ კუბელების პროტესტს მხარს უჭერს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალური ჰავანას მტკიცება, რომ დემონსტრაციების უკან ვაშინგტონი დგას, უარყო.

აშშ-მ ოფიციალურად მხარდაჭერა გამოუცხადა საპროტესტო აქციებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო კუბაში – მსგავსი აქციები რამდენიმე ათეული წელია ქვეყანაში არ მომხდარა. “შეერთებული შტატები კუბელ ხალხს მხარს უჭერს, რომლებიც საკუთარი უფლებებისათვის იბრძვიან. ჩვენ კუბის ხელისუფლებას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისა და კუბელების ხმების ჩახშობისაგან” – ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა.

“ვფიქრობ, კუბის რეჟიმისათვის შეცდომა იქნებოდა კუნძულის ათობით ქალაქში მიმინარე მოვლენები შეეფასებინა, როგორც აშშ-ს მოქმედების პროდუქტი” – ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა.
ადრე კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა საკუთარ მიმართვაში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ღელვა აშშ-ს მხრიდან “ეკონომიკური ზეგავლენის” შედეგია.

მინიმუმ 115 დემონსტრანტი დაიჭირეს კუბაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციაზე – 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულთა შორის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნაშიონალის” წარმომადგენლები, ცნობილი დისიდენტები და ჟურნალისტები არიან.
მასობრივი საპროტესტო აქციები კუბის ქალაქებში ერთდროულად 11 ივლისს დაიწყო. ხალხი ეკონომიკური პრობლემებისა და რეპრესიების წინააღმდეგ გამოდის.

banner
წინა სტატიაშიხაშურის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა
შემდეგი სტატია“ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ტენდენციაა”- NCDC მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს