აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს.
რეზოლუციის საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, რეზოლუციის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, სიუზან უაილდმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბავშვების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არღვევს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალადობის კამპანიაში ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულები ყველაზე ამაზრზენი ასპექტია“, – აღნიშნა მან.
უაილდის თქმით, ის კოლეგებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა რეზოლუციამ კონგრესისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.
„რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ბავშვების თაობა“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
იანვარში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც იყვნენ უკრაინელი მოზარდები, რომლებიც გადაურჩნენ რუსეთის მიერ გატაცებასა და წამებას, ჩვენება მისცეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიას მოსმენების დროს.