აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისი პრაიდის წინ LGBT თემის მიმართ მუქარებით შეშფოთებულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 18, 2019 10:49

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისი პრაიდის წინ LGBT თემის მიმართ მუქარებით შეშფოთებულია

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა 17 ივნისს ბრიფინგზე ამერიკის ხმას კითხვის საპასუხოდ უთხრა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით. აშშ-ის საგარეო უწყება, ამასთან, მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა მოქალაქე დაიცვას სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით “სახელმწიფო, სად ხარ?”

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ.

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

ლევან ვასაძემ კი, რომელიც რუს იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან დაახლოებული პირია, 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები, ძალადობის ჯგუფები შეკრიბა, შეკრებას “ნამდვილი კაცების აქცია” უწოდა და ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთა.

მან თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც “გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ”, მათი იარაღი კი ქამარი იქნება. “ჩვენ მათ [გეებს] შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან”, – თქვა ვასაძემ.

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 18, 2019 10:49