დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 13 კერძო პირისა და 12 ირანული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო მას შემდეგ, რაც ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ამერიკის მთავრობის განცხადებით, სანქციებს ქვეშ მოხვედრილი ზოგიერთი კომპანია და პირი გაერთიანებული არაბეთის ემირატებში, ლიბანში და ჩინეთში მოღვაწეობს.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს ირანმა განაცხადა, რომ მათ საშუალო სიშორის რაკეტა გამოსცადეს, ირანის ხელისუფლებამ, ასევე, აღნიშნა, რომ გამოცდა ატომური შეთანხმების დარღვევა არ არის.
ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა განაცხადა, რომ ამერიკა ოფიციალურ თეირანს გაფრთხილებას აძლევს.