არჩილ თალაკვაძე – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, რომელთა კანონში ჩაწერა სამართლებრივად შეუძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.

მისი თქმით, რეკომენდაციები პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება და კანონში ასეთი რეკომენდაციების ჩაწერა სამართლებრივად შეუძლებელია.

„ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე მიღებულია. დღეს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა და ვენეციის კომისიის თითოეული რეკომენდაცია განვიხილეთ. რაც შეეხება მათ გათვალისწინებას, პარლამენტის თავმჯდომარემ გუნდის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა რეკომენდაციას პლენარული სხდომის ფორმატში ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი, ხვალინდელი და პარასკევის სამუშაო სხდომები დაეთმობა ამ საკითხს. რეკომენდაციები პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება და კანონში ასეთი რეკომენდაციების ჩაწერა სამართლებრივად შეუძლებელია. ვენეციის კომისიას რეკომენდაციებისთვის უმრავლესობამ მიმართა და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.

banner
წინა სტატიაშიბათუმი-თბილისის მატარებელი მწყემსს დაეჯახა
შემდეგი სტატიაუამინდობა და ზვავსაშიშროება გუდაურში – თოვლში ჩარჩენილი 20 ადამიანი დახმარებას ითხოვს