არჩილ თალაკვაძე – მთელი საზოგადოების სახელით, ევროკავშირის კითხვარი უნდა შეავსონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და ვისაც ჰქვია დღეს ხელისუფლება

მთელი საზოგადოების სახელით, ევროკავშირის კითხვარი უნდა შეავსონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და ვისაც ჰქვია დღეს ხელისუფლება – ზოგიერთი დესტრუქციული, მარგინალი პოლიტიკოსი როცა გეუბნება, მოდით, ერთად დავსხდეთ და დავწეროთ პასუხებიო, ალბათ გესმით, რომ ეს არის ან ბოროტი ხუმრობა ან ცინიკური განცხადება, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ევროკავშირის კითხვარის შევსებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა ინსტიტუტის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს, ვისაც ევალება და აქვს ინფორმაცია ამ კითხვართან დაკავშირებით.

„რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ უნდა შეავსოს კითხვარი, თქვენ, ჟურნალისტები ხართ, ჩვენი ქვეყნის განათლებული მოქალაქეები. თქვენი აზრით, კითხვარი, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა, რომელშიც არის კითხვები პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, მთავრობასთან და პარლამენტთან დაკავშირებით, არის კითხვები სავაჭრო – ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით და არის სექტორული კითხვები, მაგალითად სოციალურ სისტემასთან, კულტურის სფეროსთან და სხვა სფეროსთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, პირველ რიგში, ვის აქვს პასუხისმგებლობა, რომ შეავსოს ეს კითხვარი?

მთელი საზოგადოების სახელით, ეს უნდა შეავსონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და ვისაც ჰქვია დღეს ხელისუფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ინსტიტუტის მაქსიმალურ ჩართულობას, ყველა იმ ადამიანის მაქსიმალურ ჩართულობას, ვისაც ევალება და აქვს ინფორმაცია ამ კითხვართან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს საუბარი, რომ კითხვარი ყველამ ერთად უნდა შევავსოთ, თქვენთვის მომინდვია თუ რას ემსახურება, იმიტომ, რომ მინდა თქვენ თვითონ კარგად წარმოიდგინოთ რას ნიშნავს როდესაც ორ კვირაში 370-მდე კითხვაზე გაქვს ინფორმაცია მოსამზადებელი. აქ რომ არიან ზოგიერთი დესტრუქციული, მარგინალი პოლიტიკოსები და როცა გეუბნებიან, რომ მოდით, ერთად დავსხდეთ და ერთად დავწეროთ პასუხებიო, ალბათ გესმით, რომ ეს არის ან ბოროტი ხუმრობა ან ცინიკური განცხადება. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური ჩართულობით ამ კითხვებზე პასუხების მომზადებასა და ობიექტური ინფორმაციის დროულ გაგზავნას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი – დასავლეთი რვა წელი მფარველობდა კიევის სურვილს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაზე და საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ უბიძგებდა
შემდეგი სტატია55 სახლი, 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, იახტა – ლვოვის სასამართლომ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა