არჩილ კბილაშვილი – თუ მოქმედი პროკურორი მიზანშეწონილად ჩათვლის, შეუძლია გადაწყვიტოს ჩატაევის საქმის მასალების გასაჯაროება

აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების საკითხზე კომენტარი უნდა გააკეთოს მოქმედმა პროკურორმა, თუ ის ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს და არა ყოფილმა პროკურორმა, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

კბილაშვილის თქმით, გათავისუფლების კანონიერება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე.

„ამ საკითხზე კომენტარი უნდა გააკეთოს მოქმედმა პროკურორმა, თუ ის ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს და არა ყოფილმა პროკურორმა, რომელსაც არ აქვს უფლება, ისაუბროს იმ სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რაც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი. გათავისუფლების კანონიერება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე. საქმის გაცნობის გარეშე გაკეთებული შეფასება სამართლებრივ შეფასებად ვერ ჩაითვლება. ეს საქმე არსებობს და თუ მოქმედი პროკურორი ამას მიზანშეწონილად ჩათვლის, მას შეუძლია გადაწყვიტოს საქმის მასალების გასაჯაროება“, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი 2013 წლის იანვარში, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლაფანყურის საქმეზე დაკავებული აჰმედ ჩატაევის მიმართ, რომელსაც პროკურატურა მანამდე ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ადანაშაულებდა, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამასთან, ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 000 ლარიც უკან დაუბრუნდა.

აჰმედ ჩატაევი, საერთაშორისო ტერორიზმის შავ სიაში 2015 წლიდან შეიყვანეს. მას მიაწერენ 2016 წლის ივნისში, ათათურქის აეროპორში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც 43 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 200 კი დაშავდა.

დღეს სუს-მა დაადასტურა, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციის დროს დაღუპული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. სუს-ის ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა.

 

WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიდავით სიხარულიძე – მთავარ კითხვად რჩება, როგორ მოხვდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში
შემდეგი სტატია,, არასწორი მოლოდინია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გავატარებ, მე ვიქნები დამოუკიდებელი, ეს ჩემთვის თავმოყვარეობის საკითხია”