არც ერთ ოლიგარქს, არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს – უილიამ კორტნი

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილება, ქვეყნისთვის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზეც მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნა, მითითებების შესრულება საუკეთესო ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს მზადაა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდეს.

“ნატოს წევრების დიდი უმრავლესობა, ასევე არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, რადგან საქართველომ ევროკავშირისგან ასეთი მკაფიო მითითებები მიიღო, თუ მას ნატოში შესვლა სურს, ვფიქრობ უნდა მიჰყვეს ევროკავშირის რჩევებს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ალბათ ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ მზადაა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს”, – თქვა უილიამ კორტნიმ.

მანვე აღნიშნა, რომ დროა, საქართველოში ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, რადგან ინდივიდებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რის წინაშეც ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაშია, ნაკლებად ჯანსაღი პროცესია.

“ცხადია, გარკვეული გაგებით, ეს არის ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლთან დაკავშირებული საკითხი. როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ასე რომ, დე-ოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა”, – განაცხადა უილიამ კორტნიმ.

banner
წინა სტატიაშიივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1 % აღდგენილია
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე დასწრებას ვაპირებთ, თუ დავინახავთ, რომ პროცესი შედეგზე ორიენტირებული იქნება, მონაწილეობას მივიღებთ – დაუშვილი